ლაპიაშვილი ფარნაოზ გიორგის ძე

ფ. ლაპიაშვილი 

ლაპიაშვილი ფარნაოზ გიორგის ძე (9. V. 1917, სოფ. მირზაანი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, – 25. VII. 1994, თბილისი), თეატრის მხატვარი. საქართვ. სახ. მხატვარი (1968), საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1951), სტალინური პრემიის ლაურეატი (1951).

დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1941). 1960-იდან იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1970-იდან პროფესორი). გაფორმებული აქვს მრავალი დრამ., საოპერო, საბალეტო და მუს. კომედიის სპექტაკლი, რამდენიმე კინოფილმი. ლ-ის შემოქმედებას ახასიათებს ფერწერულობა, სპექტაკლის შინაარსის ღრმა წვდომა. ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ჯ. ვერდის „ოტელო“ (1960); დ. თორაძის „გორდა“ (1949, სტალინური პრემია, 1951); ო. თაქთაქიშვილის „მინდია“ (1962; სამივე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი); სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“ (1956); უ. შექსპირის „ჰამლეტი“ (1960); გ. ნახუცრიშვილის „ფიროსმანი“ (სამივე რუსთაველის თეატრი); მ. ჯაფარიძის „ჟამთაბერის ასული“ (1945); ლ. გოთუას „დავით აღმაშენებელი“ (1946); ა. კასონას „ხეები ზეზეულად კვდებიან“ (1957); ფ. შილერის „დონ კარლოსი“ (1970; ოთხივე – მარჯანიშვილის თეატრი); ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“ (1958), პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“ (1959; ორივე ქუთაისის მესხიშვილის თეატრი) და სხვ. იყო მხატვარი კინო- და ტელეფილმებისა: „ქეთო და კოტე“ (1948, ი. სუმბათაშვილთან ერთად), „მიიღეთ გამოწვევა, სენიორებო“ (1982), „ზმანებანი აღლუმებს შორის“ (1989) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.