ლარგვისი, სოფელი შიდა ქართლის რეგიონის ახალგორის მუნიციპალიტეტში. მდ. ქსნის მარცხ. ნაპირზე, იქ, სადაც ქსანს ერთვის მდ-ები – ჭურთა და ცხრაძმულა. თემის ცენტრი (სოფლები: ლ., გარუეთი, დაბაკნეთი, დადიანეთი, მახიარეთი, მუჯუხი, მშველიეთი, უკანამხარი, უკანაუბანი, ყველდაბა, ჩიტიანი, ცხავათი, ხარბალი, ხრამისწყარო). ზ. დ. 1100 მ, ახალგორიდან 18 კმ.
სოფელი ქსნის ხეობის ზედა წელის სტრატეგიული და გეოგრ. ცენტრი იყო. სავარაუდოდ, ადრეფეოდალურ ხანაში ცხრაძმისხევის პოლიტ. ცენტრი უნდა ყოფილიყო. იგი იღებდა ქსნის ხეობის მთიანი ნაწილისკენ შემტევი მტრის მთავარ დარტყმას.
სოფლის მიდამოებში რამდენიმე ხუროთმოძღვრული ძეგლია. მათგან გამორჩეულია შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ქვენიფნევი, რ-იც სოფლის სამხრ-ით სამიოდე კმ-ზე, იფნევად წოდებულ ადგილზე მდებარეობს. გალავნის გარეთ მცირე დარბაზული ეკლესიაა, რ-ის ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. კომპლექსთან ახლოს შემორჩენილია გარდამავალი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. ეკლესიის შიგნით, აღმ. კედელზე, შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესიას შემოვლებული ჰქონდა გალავანი. სოფლის მახლობლად, სამხრ.-დას-ით, მდ. ქსნის მარჯვ. ნაპირზე ნასოფლარი საქორეთია, რ-ის ტერიტორიაზე დგას წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია (გვიანდ. შუა საუკუნეები). ეკლესიას დას-იდან ეკვრის მცირე სამლოცველო. ამავე ნასოფლარშია ამაღლების დარბაზული ეკლესია (გარდამავალი შუა საუკუნეები). მას სამხრ-იდან მთელ სიგრძეზე ეკვრის უაფსიდო მინაშენი. საქორეთის დას-ით, ორიოდე კმ-ზე, შემორჩენილია მცირე ზომის დარბაზული ეკლესიის ნანგრევი. ამავე მხარეს, მთის სერზე, მშრალი წყობით ნაგები მცირე ზომის სალოცავი ნიშია, რ-იც XIX ს-ით თარიღდება.
წყარო: მესხია შ., ძეგლი ერისთავთა, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1954, ნაკვ. 30.
ლიტ.: გვასალია ჯ., ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, „საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული“, 1967, [ტ.] 3; შიდა ქართლი, ახალგორის რაიონის კულტურული მემკვიდრეობა, რედაქტორ-გამომცემელი ც. დადიანიძე, თბ., 2008
ჯ. გვასალია