ლარგვისის სამონასტრო კომპლექსი

ლარგვისის სამონასტრო კომპლექსი, ქსნის ერისთავთა ერთ-ერთი ძველი რეზიდენცია და მონასტერი. მდებარეობს ქსნის ხეობის ზედა წელში, მდ. ქსნისა და მდ. ჭურთის შესართავთან, სოფ. ლარგვისში (სოფელიც და მონასტერიც ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა).

კომპლექსი გაშენებულია მთის კონცხზე და მძლავრი გალავნითაა შემოფარგლული. ციხის ეზო არაწესიერი მრავალგვერდას ფორმისაა და რელიეფის შესაბამისად სამხრეთიდან ჩრდ-ის მიმართულებით არის წაგრძელებული. მდინარეების შესართავთან ეზო თანდათან იმდენად ვიწროვდება, რომ წვერს იკეთებს. ამ ადგილას, გალავანში, ოთხკუთხა კოშკია ჩართული, რ-შიც კამაროვანი ჭიშკარია მოწყობილი. ციხის მეორე, ე. წ. დამხმარე შესასვლელი (სიგანე 1,3 მ) გალავნის დას. კედელშია. გალავნის გარეთ, ჭიშკრთან ახლოს, დგას შესასვლელის დაცვისათვის განკუთვნილი მცირე ზომის ოთხკუთხა კოშკი. 

ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანეში „ძეგლი ერისთავთა“, ლარგვისის მონასტრის ისტორიაზე თხრობა VI ს-იდან იწყება, თითქოს მას შემდეგ, რაც ბიზანტიის კეისრის, იუსტინიანე II-ის (565–578) მიერ ცხრაზმისხევის ერისთავად როსტომი დაინიშნა და საგამგებლოდ „შვიდნი ესე ჰევნი” ებოძა – როსტომმა „აღაშენა ქალაქი ლარგჳსი“, დაასრულა და „შეამკო ყოვლითურთ ეკლესია“. ეს ფაქტი სხვა ისტორიული წყაროებით ჯერ-ჯერობით არ დასტურდება, ამ ხანებიდან მოყოლებული, ვიდრე XIV ს-მდე, „ძეგლი ერისთავთას“ ავტორი ლარგვისის მონასტრის შესახებ აღარაფერს გვამცნობს. მონასტრის ისტორიას იგი დაწვრილებით მოგვითხრობს XIV ს-იდან. მისი ცნობით, ცხრაზმისხევის ერისთავ შალვა ქვენიფნეველის დროს (XIII ს. მიწურული  XIV ს. დასაწყისი) განდიდდა მონასტრის სახელი და შეიქმნა „ყოველი სამსახური ეკლესიისაჲ“. XIV ს-ში ადიდებულმა ქსანმა მონასტერი 2-ჯერ დააზიანა (პირველად ერისთავ ლარგველის, მეორედ იოანე ერისთავის დროს) და 2-ჯერვე აღადგინეს.

თემურ ლენგის ერთ-ერთი შემოსევის დროს (1400), მომხდურებს დაუქცევიათ იოანე ერისთავის აგებული ეკლესია და მოუოხრებიათ ყველაფერი. XV ს. 20–30-იან წლებში მონასტერში აღდგენითი სამუშაოები უწარმოებია ბერად აღკვეცილ გრიგოლ შინდას ძე ავგაროზისშვილს, რ-საც თვითონ მოუხატავს კარიბჭე და ეკლესია, მონასტრისათვის შეუწირავს ხელნაწერები, გაუმართავს მონასტრის მეურნეობა და სხვ.

XV ს. 60-იან წლებში მონასტერში დიდი სამუშაოები ჩაუტარებია ერისთავ შალვა II ქვენიფნეველს. წმ. თევდორეს ეკლესიის მოხატვასთან ერთად აუშენებია ნათლისმცემელის ეკლესია, რ-იც მოუხატავს და ხატებით შეუმკია. მასვე დაუშენებია „ზღუდისა კარსა ზედა სამრეკლოჲ“.

XV ს. 60-იანი წლების შემდეგ მონასტერში განხორციელებული სამუშაოების შესახებ ცნობები არ არსებობს. საბუთებიდან ჩანს, რომ XVIII ს. დასაწყისში მონასტერი მოქმედია. 1723, როდესაც ლეკთა ჯარი თბილისს შემოესია, სვეტიცხოვლის „სამკაული ლარგვისის მონასტერში იყო ხიზნად“. XVIII ს. II ნახევრის დოკუმენტებში მონასტრის შესახებ არაერთი საინტერესო ცნობა მოგვეპოვება, მაგრამ მათში მონასტრის ნაგებობების შესახებ აღარაფერია ნათქვამი.

დღეს, საბუთებში ხსენებული ნათლისმცემლის ეკლესია კარიბჭითურთ, აგრეთვე სამრეკლოები, მარანი და სხვა შენობები (წმ. თევდორეს ეკლესიის გარდა), რ-ებიც XVIII ს-ს განეკუთვნება, დანგრეულია. გალავნის და ამჟამად შემორჩენილი კოშკების დიდი ნაწილი XVIII საუკუნეზე უფრო ადრინდელი პერიოდის ფენებს შეიცავს. ზოგიერთი კი მთლიანად წინა საუკუნეებშია აგებული.

კომპლექსი შედგება სხვადასხვა ფართობის, ერთმანეთისგან კედლით გამიჯნული ორი  ნაწილისგან, ციტადელისგან და ქვემო ციხისგან, რ-ის გალავნის კედლები გარედან გამაგრებულია ნახევარწრიული კონტრფორსებით.

გალავნის კედლების ზედა ნაწილები მონგრეულია, რის გამოც მათი თავდაპირველი სახის დადგენა შეუძლებელია.

ციტადელში შესასვლელი კომპლექსის ქვედა და ზედა ნაწილების გამმიჯნავ კედელშია – სამხრ-იდან.

ციტადელის შიგნით მხოლოდ XVIII ს. II ნახევრის სასახლის ნანგრევია დარჩენილი.

ციტადელის ზღუდეში, ყველაზე მაღალ ადგილას ჩართულია მოზრდილი საცხოვრ. კოშკი. არქიტექტურული თვალსაზრისით იგი არა მარტო ამ კომპლექსის ყველაზე საინტერესო ნაგებობაა, არამედ  გამორჩეულია საქართველოს ამ ტიპის ნაგებობებს შორის. კოშკს სახურავი და სართულშუა გადახურვა აღარ შემორჩა. მისი თითოეული სართულის ოთხივე კუთხეში სხვადასხვა დანიშნულების სათავსია მოწყობილი (შიდა კიბე, საპირფარეშო და სხვ.), რის გამოც ყოველი სართულის ძირითად სივრცეს ტოლმკლავა ჯვრის ფორმა აქვს. ყოველ სართულზე ბუხარია. განსაკუთრებით კეთილმოწყობილია II სართულის სამხრ. კუთხეში მდებარე ოთახი. მისი დანიშნულება დაუზუსტებელია. სავარაუდოდ, იგი ციხის მფლობელის საწოლი ოთახი იყო. ეს ოთახი დანარჩენებზე მოზრდილია (2,0×1,8 მ) და გადახურულია ქვის ფილებით ნაწყობი გვირგვინით, რითაც, საქართველოში შემორჩენილ დღემდე ცნობილ კოშკთაგან გამორჩეულია.

კომპლექსის ქვემო (სამონასტრო) ნაწილში, მხოლოდ წმ. თევდორეს ეკლესიაა შემორჩენილი. ეკლესიის აგების თარიღად მიჩნეულია (პ. ზაქარაია) 1759. იგი ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. წყობაში ნაწილობრივ გამოყენებულია ნატეხი ქვაც. გარედან კუთხეები, კარ-სარკმლები და ლავგარდანი მოყავისფრო ნათალი ქვისაა. ამავე ქვითაა მოპირკეთებული გუმბათი. კედლები შიგნიდან შელესილი და შეთეთრებულია. თავდაპირველად სახურავი ქვის ყოფილა (შემორჩენილია ლორფინების ნაწილი), შემდგომში ზედ კრამიტი დაუგიათ.

ეკლესიის საერთო აღნაგობა ტრადიციულია, თუმცა ამ პერიოდის ძეგლებთან შედარებით, მას ძლიერ წაგრძელებული გეგმა აქვს (20,1×11,8 მ). შესასვლელი ორია: სამხრ-იდან და დას-იდან.

ეკლესიის შიდა სივრცეს ქმნის ჯვრის მკლავები და მათ გადაკვეთაზე აღმართული ათსარკმლიანი გუმბათი, რ-იც ეყრდნობა აფსიდის კუთხეებსა და დას-ით მდგარ რვაწახნაგოვან ორ ბოძს. ამ ბოძების დას-ით ამგვარივე ბოძების კიდევ ერთი წყვილია.

საკურთხევლის გვერდებზე აფსიდიანი სამკვეთლო და სადიაკვნეა თითო სარკმლით აღმ-ით. საკურთხევლის კონქისა და პასტოფორიების თავზე მოწყობილია სათოფურებით აღჭურვილი სამალავი ოთახები, რ-ებშიც სამკვეთლოს კამარაში მოწყობილი ასასვლელით ვხვდებით.

ფასადები მორთულია, მაგრამ ჩუქურთმის კვეთის ხარისხი არც თუ ისე მაღალია. ფასადებზე და ინტერიერში უჩვეულო შთაბეჭდილებას ტოვებს  ქვემოდანაც მომრგვალებული სარკმლების ფორმა. ფასადთა მორთულობაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს აშკარად ძველ ტრადიციულ ქართულ მოტივებთან დაკავშირებულ ფოთლოვან მოტივებს.

ეკლესია დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე.

1975 ეკლესიას ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები (არქიტ. გ. ნიკოლაიშვილი).

ეკლესიის დას-ით შემორჩენილია გაურკვეველი დანიშნულების შენობების კვალი. საბუთებში მოხსენებული დანარჩენი ნაგებობების დიდი ნაწილი დღეს მიწასთანაა გასწორებული.

კოშკი, რ-შიც გალავნის შესასვლელია მოწყობილი გეგმით თითქმის კვადრატულია. შემორჩენილია ერთი სართული, რ-შიც შეისრულკამაროვანი გასასვლელია მოწყობილი. კამარა მთლიანად აგურისაა. XV ს. 60-იან წლებში ერისთავს შალვა ქვენიფნეველს კოშკზე სამრეკლო დაუდგამს, სიპით გადაუხურავს და სახურავზე სპილენძის ჯვარი აღუმართავს. დღეს სამრეკლოსგან აღარაფერია შემორჩენილი.

ციხის გარეთ მდგარი კოშკი გეგმით თითქმის კვადრატულია (6,2×6,1 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. კოშკი დაზიანებულია. შემორჩენილია ორი სართულის სიმაღლეზე. კოშკის ქვედა ნაწილი მასიურია. ზედა ნაწილის კედლებში რამდენიმე სათოფურია მოწყობილი. კოშკს ჰქონია სარდაფი. 

ლ-ს მონასტერი მნიშვნელოვანი სამწიგნობრო კერა იყო. აქ ავგაროზ ბანდაიძემ შექმნა „ძეგლი ერისთავთა“ (XVI ს.). ლ-ში გადაწერილია სახარებები, პარაკლიტონები; შექმნილია საბუთები. ლ-ში ხიზნავდნენ სვეტიცხოვლის ხელნაწერებსაც.

ლიტ.: ბერიძე ვ., XVI–XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. 1, თბ., 1983; მისივე, XVI–XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, ტ. I, თბ., 1994; გვასალია ჯ., ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. 3, თბ., 1967; ზაქარაია პ., ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე, თბ., 2002; მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, ნაკვ. 1, თბ., 1962; ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2013; ქართული სამართლის ძეგლები ი. დოლიძის გამოც., ტ.: 2, თბ., 1965; ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ, წგ. 2, ტფ., 1897; შიდა ქართლი, ახალგორის რაიონის კულტურული მემკვიდრეობა, რედაქტორ-გამომცემელი ც. დადიანიძე, თბ., 2008; Меписашвили Р., Цинцадзе В., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии – Шида-Картли, Тб., 1975; Такаишвили Е., Археологические экскурсии, разыскания и заметки, вып. 5, Тфл., 1915; Чубинашвили Г. Н., Архитектурние памятники VIII и IX вв в Ксанском ущелье, Ars Georgica I, Tb., 1942.

თ. დვალი