ლარი

ლარი, საქართველოს ახალი ქართული ეროვნული ვალუტა. მიმოქცევაშია 1995 წ. 25 სექტემბრიდან და 1995 წ. 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა (სახელმწიფო მეთაურის 1995 წ. 16 სექტემბრის ბრძანებულება №363 მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის „ლარის“ გამოშვების შესახებ და საქართველოს ეროვნული ბანკის 1995 წ. 18 სექტემბრის №16 ბრძანება საქართველოს ეროვნული ბანკის „საბანკო ბილეთის ლარისა და თეთრის ნიშნების მიმოქცევაში გაშვების შესახებ“). ლ., საქართვ. ეროვნ. ფულადი ერთეული, პოლიტ.-ეკონ. მნიშვნელობის მქონე ხელოვნების ნიმუში და სახელმწიფოებრიობის საფუძველია. იგი ქვეყნის ერთიანობის, სიძლიერისა და სიმდიდრის სიმბოლოდ გვევლინება.

„ლარი“, რ-იც 1992 შეირჩა ქართ. ეროვნ. ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძვ. ქართ. სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას. ლ-მა, როგორც ფულადი ერთეულის სახელმა, ბუნებრივად დაიმკვიდრა ადგილი ამავე ძირიდან ნაწარმოები სიტყვების „მოლარისა“ და „სალაროს“ გვერდით, რ-ებიც ძვ. ქართულში შესაბამისად განძის მცველსა და საგანძურს ეწოდებოდა, თანამედროვე ქართულში კი ამ სემანტიკით ის ფულის ერთეულს უკავშირდება. სწორედ ამან შეუწყო ხელი ლ-ის, როგორც ეროვნ. ვალუტის, სახელწოდების დამკვიდრებას. სიტყვა ლ. ხშირადაა ნახსენები „ვეფხისტყაოსანში“, ქრონოლოგიურადაც ყველაზე ადრეული დაფიქსირება ამ ტექსტშია.

1995-იდან მიმოქცევაში გამოვიდა 1, 2, 5, 10, 20, 50, 100, უფრო მოგვიანებით (2007 წ.) – 200 ლ-ის ნომინალის ბანკნოტები. 1995 წლის ემისიის ლ-ის ბანკნოტები დამზადდა საფრანგეთში მხატვრების ნ. და ბ. მალაზონიების ესკიზებით.

1999, სრულყოფის თვალსაზრისით, მოდიფიცირებულ იქნა 1995 წლის ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტი, 2002 წ. – 1, 2, 5, 10 და 20 ლ-ის ღირებულების ბანკნოტები, ხოლო 2004 წ. – 50 და 100 ლ-ის ღირებულების ბანკნოტები. აღნიშნული მოდიფიცირებები განხორციელდა დიზაინის მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე.

2016-იდან საქართვ. ეროვნ. ბანკმა მიმოქცევაში ლ-ის განახლებული ბანკნოტები გამოუშვა. ეს ცვლილება ლ-ის გამოშვებიდან 20-წლიანი ისტორიის განმავლობაში ბანკნოტების დიზაინის პირველი მნიშვნელოვანი განახლება იყო, რაც განაპირობა შემდეგმა მიზეზებმა: 1. ლ-ის ბანკნოტების მარაგების შევსებამ; 2. ბანკნოტების დიზაინისა და დამცავი მექანიზმის ბეჭდვის საერთაშ. ინდუსტრიაში მიმდინარე ტექნოლოგიებთან შესაბამისობამ; 3. ლ-ის 20 წლის იუბილეს სიმბოლიზებამ. აღნიშნულის გათვალისწინებით განახლდა 5, 10, 20, 50 და 100 ლ-ის ნომინალის ბანკნოტები. განახლებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება მოხდა ეტაპობრივად: 2016 წ. 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გავიდა 20 და 50 ლ-ის, 2016 წ. 1 ნოემბრიდან – 100 ლ-ის, 2017 წ. 1 სექტემბრიდან – 5 ლ-ის ნომინალის ბანკნოტები, ხოლო 2019 წ. 1 ოქტომბრიდან მიმოქცევაში ჩაეშვა 10 ლ-ის ნომინალის ბანკნოტები. ლ-ის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაშია წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად. 1995–99 ემისიების ლ-ის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა გაგრძელდა 2021 წლის ბოლომდე. ლ-ის განახლებული ბანკნოტების დიზაინი შექმნა ბ. მალაზონიამ, ესკიზების სრულყოფის პროცესში მონაწილეობდნენ, აგრეთვე, მსოფლიოს წამყვანი კომპანიები: „Giesecke+Devrient Currency Technology“ (გერმანია), „Oberthur Fiduciaire“ (საფრანგეთი), „De la Rue“ (დიდი ბრიტანეთი). განახლებულ ბანკნოტებზე შენარჩუნებულია თავდაპირველი თემატიკა, გამოყენებულია რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით გაუმჯობესებული პორტრეტები. იმავდროულად ბანკნოტებზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახ. ელემენტებით. განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტით, მრავალფეროვნებითა და თანამედროვე სახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტ.-ისტ. მემკვიდრეობას. განახლებული ბანკნოტები გამოირჩევა მკვეთრი ფერების სპექტრით, რ-იც ჰარმონიულად არის შეხამებული ძირითადი სიუჟეტების დომინანტურ და კონტრასტულ ფერებთან. შეიცვალა ლ-ის ბანკნოტის ზომებიც. გამოყენებულია ნომინალის მიხედვით ბანკნოტის ზომების დიაგონალური, სიმეტრიული ზრდის პრინციპი. განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე დამცავი ნიშნებით, მ. შ. დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის. ქაღალდის ფულის ნიშნების სამომხმარებლო „სიცოცხლის“ საშ. ხანგრძლივობა ნომინალის მოხმარების თავისებურებებიდან გამომდინარე, 1-იდან 5 წლამდე მერყეობს. ლ-ის განახლებული ბანკნოტები დაბეჭდილია უმაღლ. ხარისხის, ცვეთამედეგ ქაღალდზე, რაც მიმოქცევისას ზრდის მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი.

ლ-ს თავისი სიმბოლო აქვს, რ-იც საქართვ. ეროვნ. ბანკის საბჭომ 2014 წ. 7 ივლისს დაამტკიცა. მისი სიმბოლოს კონცეფცია ეფუძნება ქართ. მხედრული ანბანის ასონიშან „ლასს“ და წარმოადგენს ერთთავიანი, მარტივი ლასის რკალზე ორი პარალელური ხაზის ჩამოსმით მიღებულ სამთავიან, სრული ლასის სტილიზებულ გამოსახულებას – . სიმბოლოს ავტორია მხატვარ-კერამიკოსი მ. შველიძე.

1 და 2 ლ-ის ნომინალის (2002 წლის ბოლო განახლება) ბანკნოტების წინა მხარეს (ავერსი) წარმოდგენილია ქართ. წარწერები: „საქართველო“, „საქართველოს ეროვნული ბანკი“, გამოშვების წელი, საქართვ. ეროვნ. ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა, ნომინალის დასახელება, შვიდმკლავიანი ბორჯღალის გამოსახულება და ბანკნოტის სერიული ნომერი, რ-იც შედგება ერთი ლათ. ასოსა და რვა არაბ. ციფრისაგან, ხოლო უკანა მხარეს (რევერსი) – ინგლისურენოვანი წარწერები: „GEORGIA“ და ნომინალის დასახელება. გარდა ამისა, 1-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია ნიკო ფიროსმანაშვილის (ფიროსმანი) პორტრეტი წარწერით: „ფიროსმანი 1862–1918“ და მცენარეული მოტივი, უკანა მხარეს – თბილისის პანორამა და ირემი ფიროსმანის ნახატიდან. ბანკნოტის ზომაა 115 მმ × 61 მმ.

2 ლ-ის ნომინალის ბანკნოტის წინა მხარეს წარმოდგენილია კომპოზიტორ ზ. ფალიაშვილის პორტრეტი ქართ. წარწერით: „ზაქარია ფალიაშვილი 1871–1933“, მისივე ოპერის „აბესალომ და ეთერის“ უვერტიურის პირველი სანოტო პწკარედი; ბანკნოტის უკანა მხარეს – ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრის შენობა ქართ. წარწერით: „თბილისის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრი 1887“. ბანკნოტის ზომაა: 115 მმ × 61 მმ. საქართვ. ეროვნ. ბანკმა 2006-იდან შემოიღო 1 და 2 ლ-ის ნომინალის მონეტები, რ-ებსაც პერიოდულად ამატებს მიმოქცევაში.

საქართვ. ეროვნ. ვალუტის ლ-ის 2016-იდან განახლებული ბანკნოტების წინა მხარეს აქვს ქართ. წარწერები: „საქართველოს ეროვნული ბანკი“, „ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“, საქართვ. ეროვნ. ბანკის პრეზიდენტის და ფინანსთა მინისტრის ხელმოწერები, გამოშვების თარიღი, ნომინალის დასახელება, 2–2-ჯერ ბანკნოტის სერიული ნომერი, რ-იც შედგება ორი ლათ. ასოსაგან და რვა არაბ. ციფრისაგან, ასევე ინგლისურენოვანი წარწერები „NATIONAL BANK OF GEORGIA“ და ნომინალის დასახელება, ხოლო უკანა მხარეს – საქართვ. სახელმწ. გერბი, „საქართველოს ეროვნული ბანკი“, ნომინალის დასახელება და ინგლისურენოვანი წარწერა: „NATIONAL BANK OF GEORGIA“.

.ქვემოთ განხილულია თითოეული ნომინალის განახლებული ბანკნოტების წინა და უკანა მხარეს არსებული გამოსახულებების სახელწოდებები და ზომები:

5 ლ-ის ნომინალის ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. უნ-ტის შენობა. რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით გაუმჯობესებული ივ. ჯავახიშვილის განსხვავებული პორტრეტი, წარწერით: „ივანე ჯავახიშვილი 1876–1940“. ბანკნოტის უკანა მხარეს გამოსახულია ნიკო ფიროსმანის ტილოები – „კალო“ და „მეთევზე წითელ პერანგში“. ბანკნოტის ზომაა: 122 მმ × 62 მმ.

10 ლ-ის ნომინალის ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით გაუმჯობესებული ა. წერეთლის პორტრეტი წარწერით: „აკაკი წერეთელი 1840–1915“, ასევე ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან „გაზაფხული“ ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი; უკანა მხარეს – ფერმწერისა და გრაფიკოსის ბანკნოტის დომინანტ ფერთან შეხამებული დ. კაკაბაძის ცნობილი ტილო „იმერეთი – დედაჩემი“. ბანკნოტის ზომაა: 127 მმ × 64 მმ.

20 ლ-ის ნომინალის ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია ი. ჭავჭავაძის პორტრეტი წარწერით: „ილია ჭავჭავაძე 1837–1907“, გაზ. „ივერიას“ გამომცემლობის შენობა, მის მიერ დაარსებული ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, გაზ. „ივერია“ და პოეტის პირადი ნივთები – ლუპა, საათი, სამელნე და კალამი; უკანა მხარეს კი – თბილისის დამაარსებლის, მეფე ვახტანგ გორგასლის ქანდაკება ძვ. თბილისის პანორამით. ბანკნოტის ზომაა 132 მმ ´ 66 მმ.

50 ლ-ის ნომინალის ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია თამარ მეფის განსხვავებული პორტრეტი წარწერით: „თამარ მეფე XII ს.“ და ქართ. ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლი ვარძია; ბანკნოტის უკანა მხარეს – XII ს. ხელნაწერთა კრებულიდან ზოდიაქოს ნიშნის – მშვილდოსნის მინიატიურა და ხელნაწერი. ბანკნოტის ზომაა 137 მმ ´ 68 მმ.

100 ლ-ის ნომინალის ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია შოთა რუსთაველის პორტრეტი წარწერით: „შოთა რუსთაველი XII ს.“; ილუსტრაცია „ვეფხისტყაოსნიდან“; პირველნაბეჭდი „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი გვერდი; XVII ს. ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთ გვერდზე გამოსახული ორნამენტი; ბიბლიური სიუჟეტის VII ს. ბარელიეფი „დანიელი ლომთა ხაროში“ მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრიდან; უკანა მხარეს – თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრის შენობა. ბანკნოტის ზომაა 142 მმ ´ 70 მმ.

200 ლ-ის ნომინალის ბანკნოტზე (რ-იც 2007 წ. 16 აპრილს მიმოქცევაში გაშვების შემდეგ არ განახლებულა) წინა მხარეს გამოსახულია საქართვ. ეროვნ. გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის პორტრეტი წარწერით: „ქ. ჩოლოყაშვილი 1888–1930“, ფონად გასდევს ქართ. კულტურის ძეგლების რელიეფურ გამოსახულებათა ფრაგმენტები. უკანა მხარეს კი – სოხუმის ხედი და გულრიფშის რ-ნის სოფ. წებელდაში ნაპოვნი კანკელის რელიეფური გამოსახულების ფრაგმენტები. ბანკნოტის ზომაა 146 მმ × 72 მმ.

განახლებულმა ლ-მა პირველი საერთაშ. აღიარება მოიპოვა 2016 წ. 15 მარტს. ბუქარესტში HSPTM Europe-ის კონფერენციაზე ორგანიზებულ დაჯილდოების ცერემონიალზე ევრ. და დსთ-ის ქვეყნების მასშტაბით საუკეთესო რეგიონალური ბანკნოტის ნომინაციაში „2016 წლის საუკეთესო რეგიონალური ბანკნოტების სერია“ გაიმარჯვა ლ-ის განახლებული ბანკნოტების სერიამ (20, 50 და 100 ლ-ის ნომინალის ბანკნოტები).

ლიტ.: ფული საქართველოში, თბ., 2000.

ლ. აბრამიშვილი