გუშაგი ("Gouchagui"), ჟურნალი, ქართული პოლიტიკის პერიოდული ორგანო უცხოეთში. გამოდიოდა 1984-იდან პარიზში, ქართულ ენაზე. რედაქტორ-დამფუძნებელი – გ. ი. წერეთელი . "გ." „თავისუფლების ტრიბუნის" გაგრძელება იყო და მის მსგავსად ემსახურებოდა საქართვ. განთავისუფლების იდეას, ქვეყანაში დამოუკიდებელი, დემოკრატიული წესწყობილების დამკვიდრებას. გამოცემის დევიზი იყო: „თავისუფლება და თანასწორუფლებიანობა ყველა რასისა და ერისა, თავისუფალ და თანასწორუფლებიან ერთა ოჯახში, თავისუფალი და თანასწორუფლებიანი ქართველი ერი". პერიოდულად იცვლებოდა ჟურნალის მიმართულება. 1990-იდან იყო როგორც ქართული ეროვნული პოლიტიკური მოვლენების ამსახველი, ასევე ლიტ. ორგანო, ხოლო 1994-იდან – ქართ. პოლიტიკური ემიგრაციის ხმა. „გ." აქვეყნებდა წერილებს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, დისიდენტურ ლიტ-რას, ფრანგ. პოლიტ. თხზულებების თარგმანებს, ემიგრაციასა და საქართველოში შექმნილ თვალსაჩინო ნაწარმოებებს და სხვ. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ: კ. ინასარიძე, გ. გულბათიშვილი, გ. ყიფიანი, ი. ოთხმეზური, გ. ი. წერეთელი. „გ- ში" წერილებს აქვეყნებდნენ ეროვნ. მოძრაობის ლიდერები: ზ. გამსახურდია, მ. კოსტავა. 1984–93 დაისტამბა 30 ნომერი. 1989 სექტ-ში, 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით, გამოიცა ჟურნალის სპეც. რიგგარეშე ნომერი. გ. ი. წერეთლის გარდაცვალების (1993) შემდეგ ჟურნალმა პრაქტიკულად შეწყვიტა არსებობა. შემდგომ ს. თუშმალიშვილის რედაქტორობით გამოიცა ჟურნალის ორი ნომერი (№1/31–1994 და №2/32–1997). ჟურნალის სრული კომპლექტი დაცულია თსუ-ის ქართული ემიგრაციის მუზეუმში, გ. შარაძის კერძო კოლექციაში.
ნ. ვადაჭკორია