ლასხიშვილი თამილა დავითის ასული (1. III. 1936, ბაღდათი, – 30. V. 2014, თბილისი), თეატრისა და კინოს მსახიობი, პედაგოგი. საქართვ. დამს. არტისტი (1967). 1958 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. 1958–70 მუშაობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. თეატრში, სადაც შეასრულა 30-მდე როლი, მ. შ. მედეა (ევრიპიდეს „მედეა“), ანტიგონე (სოფოკლეს „ანტიგონე“), ფრაუ ალ ვინგი (ჰ. იბსენის „მოჩვენებანი“) და სხვ. 1970–96 მოღვაწეობდა მარჯანიშვილის თეატრში, სადაც ითამაშა მ. თუმანიშვილის სპექტაკლში „მილიარდერის ვიზიტი“ (ფ. დიურენმატი). აგრეთვე: დედოფალი ქართლისა (ლ. გოთუას „გმირთა ვარამი“), ტეფია (დ. კლდიაშვილის „უბედურება“), გაბი (რ. ტომას „რვა მოსიყვარულე ქალი“) და სხვ. თავისუფალ თეატრში გ. თოდაძის მიწვევით შეასრულა ბებიას როლი ე. შვარცის „თოვლის დედოფალში“. მონაწილეობდა საქართვ. რადიოსა და ტელევიზიის მხატვრულ და დრამ. გადაცემებში. გადაღებულია ფილმებში: „პიერი მილიციის თანამშრომელი“ (რეჟ. დ. რონდელი, 1965), „წუთისოფელი“ (რეჟ-ები: ნ. და შ. მანაგაძეები, 1971), „ანარეკლი“ (1974), „ესკულაპეს მოწაფე“ (ორივეს რეჟ. ო. აბესაძე, 1977), „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (რეჟ. რ. ჩხეიძე, 1989), „უძინართა მზე“ (რეჟ. თ. ბაბლუანი, 1992), „სამყაროს 6 სურათი“ (რეჟ. ბ. ყანჩაველი, 2007) და სხვ. 1977-იდან გარდაცვალებამდე იყო თეატრისა და კინოს უნ-ტის სასცენო მეტყველების პედაგოგი.
თ. კახიანი