ლატვია (ოფიციალური დასახელება – ლატვიის რესპუბლიკა, (Latvijas Republika), სახელმწიფო ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპაში. ესაზღვრება: დას-ით ბალტიის ზღვა და რიგის ყურე, ჩრდ-ით – ესტონეთი, აღმ-ით – რუსეთის ფედერაცია, სამხრ-ით – ლიეტუვა და სამხრ.-აღმ-ით – ბელარუსი. ფართ. 64,6 ათ. კმ 2. მოსახლეობა 1 მლნ. 900 ათ. მცხ. (2020). სახელმწ. ენა – ლატვიური, დედაქალაქი – რიგა, მორწმუნეთა უმრავლესობა ქრისტიანია: ლუთერანები, მართლმადიდებლები და კათოლიკეები. ლ-ის რესპუბლიკა უნიტარული სახელმწიფოა. არის შენგენის ზონის, 2004-იდან კი – ნატოსა და ევროკავშირის წევრი. საკანონმდებლო ორგანოა სეიმი (პარლამენტი), ფულის ერთეული – ევრო.
თანამედროვე ლ-ის ტერიტორიაზე ძვ. წ. III ათასწლეულში დასახლდნენ ფინურ-უგორული ტომები, რ-თა შთამომავლებად ითვლებიან ლივები. ძვ. წ-ით I ათასწლეულში მათ ბალტური ტომები დაემატნენ. XII ს-იდან ვრცელდება ქრისტიანობა. 1201 დაფუძნდა რიგა, ხოლო 1237 – ტევტონთა ორდენის შემადგენლობაში შემავალი ლივონიის ორდენი, რ-მაც 1561-მდე იარსება. შემდეგ ჩამოყალიბდა კურლანდიისა და სემიგალიის საჰერცოგო, რ-თა ტერიტორიაც გახდა ლიტვის (1569-იდან – რეჩ პოსპოლიტის), რუსეთის, შვედეთისა და დანიის მხრიდან ექსპანსიის ასპარეზი. თანამედროვე ლ-ის ტერიტ. ჩრდ. ნაწილი 1713 რუსეთმა შეიერთა და შექმნა ლიფლანდიის გუბერნია (მისი უკიდურესი ჩრდილოეთი დღეს ესტონეთის შემადგენლობაშია), ხოლო სამხრ. ლ-ის ტერიტორიაზე არსებული კურლანდიის საჰერცოგო 1795 შეიერთა რუსეთმა და იქ კურლანდიის გუბერნია ჩამოაყალიბა.
ლ-ის პირველი რესპუბლიკა დაფუძნდა 1918 წ. 18 ნოემბერს. 1920 მარტში გაიხსნა მისი საკონსულო საქართვ. დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რ-იც 1920–22 მდებარეობდა თბილისში, მიხეილის (ამჟამად დავით აღმაშენებლის) პროსპექტზე, №171-ში, ლატვიელთა სათვისტომოს (№180) მახლობლად. კონსულის თანამდებობაზე მსახურობდნენ ო. ბუმანისი (1899–1937) და ი. პუნინში (1889– 1968). 1921-იდან ლ-ის ვიცე-კონსულის მოვალეობას ასრულებდა ი. სტრაუმე (1874–1970), საზ. მოღვაწე, ეთნოგრაფი, მხატვარი და პედაგოგი, რ-იც საქართველოში 16 წელი (1907–23) ცხოვრობდა. ამ თანამდებობაზე იგი მოღვაწეობდა ლ-ის საკონსულოს დახურვამდე (1922 წ. 10 თებ.). საკონსულო ზრუნავდა საქართველოში მყოფ ლატვიელთა სამშობლოში დაბრუნებაზე. იმავე წლის 12 სექტ. ი. სტრაუმემ ლ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა შემდეგი შინაარსის წერილი: „თუ ამიერკავკასია ის ხიდია, რომელზედაც აღმოსავლეთთან გადებულია ეკონომიკური, სავაჭრო და საწარმო ინტერესების გზა, თუ ლიტვა და ესტონეთი საქართველოსთან მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების შესანარჩუნებლად ცდილობენ (ლიტვამ გამოგზავნა სრულუფლებიანი სავაჭრო წარმომადგენელი, ხოლო ესტონეთმა ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან თბილისში დააარსა თავისი წარმომადგენლობა, სრულიად კავკასიასთან და სპარსეთთან კავშირისათვის და ახლო მომავალში ელოდება გემს, ესტონური საქონლით), მაშინ ლატვიასაც, ჩემი რწმენით, კავკასიაში თავისი წარმომადგენლობის შესანარჩუნებლად საკმაო დაინტერესება უნდა გააჩნდეს“. ვინაიდან თბილისში ვეღარ აღდგა ლ-ის საკონსულო, 1923 ბოლოს ი. სტრაუმე სამშობლოში დაბრუნდა.
1940 ივნისში მოხდა ლ-ის რესპუბლიკის ოკუპაცია სსრკ-ის მიერ და იგი მის შემადგენლობაში ერთ-ერთი მოკავშირე რესპუბლიკის (ლ-ის სსრ) სტატუსით შეიყვანეს.
XX ს. 80–90-იანი წლების მიჯნაზე ლ-ისა და საქართვ. ეროვნ.- განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლები ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ. 1990 წ. 4 მაისს ლ-ის სეიმმა გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. სსრკ-ის დაშლისა (1991) და ლ-ისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საერთაშ. აღიარების შემდეგ მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა, რაც ოფიციალურად გაფორმდა 1993 წ. 11 მარტს.
XX ს. 90-იანი წლებიდან საქართველოსა და ლ-ში მოქმედებს კულტ. საგანმანათლებლო საზ-ბები: „AVESOL“ საქართველოში, „სამშობლო“ და „გეორგიკა“ ლ-ში. ლ. ლიეტუვასა და ესტონეთთან ერთად საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და მისი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების აქტიური მხარდამჭერია.
ლ. საერთაშ. დონეზე ლობირებს საქართველოს ინტერესებს. უკანასკნელი წლების განმავლობაში მთავრობებს შორის განხორციელდა მრავალი ორმხრივი ვიზიტი. ლ-თან თანამშრომლობის ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მხარდაჭერა.
მჭიდრო ურთიერთობა აქვს ლ-ის სეიმსა და საქართვ. პარლამენტს. მიღებულ რეზოლუციებში ლ. ტრადიციულად უჭერს მხარს საქართვ. ტერიტორიულ მთლიანობას. ორივე ქვეყნის პარლამენტში ფუნქციონირებს ხანგრძლივი ტრადიციის მქონე მეგობრობისა და თანამშრომლობის ჯგუფი. 2014 სექტ. რიგაში გაიხსნა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრი (NATO Strategic Communications Center of Excellence – STRATCOM), რ-თანაც საქართვ. თავდაცვის სამინისტრო 2016 ივლისიდან აქტიურად თანამშრომლობს.
დიპლ. ურთიერთობების დამყარების დღიდან საქართველოსა და ლ-ს შორის ხელმოწერილია და ძალაშია 25 ხელშეკრულება სხვადასხვა სფეროში.
2017 აპრილში ლ.–საქართველოს დაძმობილების 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად რიგაში თავისუფლების პროსპექტზე (Brivibas Gatve) გადაწყდა თბილისის სკვერის მოწყობა, სადაც სიმბოლურად დაირგო ვაზისა და ცაცხვის ნერგები.
საქართველოსა და ლ-ს შორის მჭიდრო რეგიონთაშორისი თანამშრომლობა და ქალაქების დამეგობრების მრავალწლიანი ტრადიცია არსებობს. 2007 გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე დაძმობილდა ორივე ქვეყნის არაერთი ქალაქი და მუნიციპალიტეტი. ლ-ის საკურორტო ქ. სიგულდასა და ჭიათურას თანამშრომლობის ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს, რ-იც 1960-იდან იწყება.
ლიტ.: ჯავახიშვილი ნ., ლატვიის რესპუბლიკის საკონსულო საქართველოში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ., 2018; მისივე, Очерки истории грузино-балтийских взаимоотношений, Тб., 2019.
ნ. ჯავახიშვილი