ლაფანაანთკარი, სოფელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქართლის ქედის დას. კალთაზე, მდ. აბანოსხევის (არაგვის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. თემის ცენტრი (ლ., აბანოსხევი, ახალი ოსები, დავათი, ზემო უბანი, კოშკასყელი, მაღრანი, მწითურები, ნოკორნა, ნოჯა, ნოჯიკეთი, ქერიანთკარი, ხიზნები). ზ. დ. 880 მ, დუშეთიდან 19 კმ. 67 მცხ. (2014).
სოფლიდან სამხრ-ით, 1 კმ-ზე, დგას ბაღიაანთკარის ეკლესია. აგებულია VI ს. შუა წლებში. სამხრ-იდან აქვს მინაშენი, რ-იც გვიანდ. შუა საუკუნეებს განეკუთვნება. ეკლესია ორნავიანია, ნაგებია რიყის ქვით და კირის დუღაბით. სოფელში და მის მიდამოებში სხვადასხვა პერიოდის კიდევ რამდენიმე დარბაზული ეკლესიაა. განეკუთვნება ადრეულ, განვით. და გვიანდ. შუა საუკუნეებს. ზოგი მათგანი ძლიერ დაზიანებულია.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 2, თბ., 2004.