ლაფაური სოლომონ გიორგის ძე

ლაფაური (იობაშვილი) სოლომონ (სოლიკო) გიორგის ძე (4. X. 1929, სოფ. კისისხევი, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, – 12. IV. 2007, თბილისი), მუსიკათმცოდნე, ჟურნალისტი. ხელოვნების დამს. მოღვაწე. დაამთავრა თელავის ი. გოგებაშვილის სახ. პედ. ინ-ტის ფილოლ. ფაკ-ტი (1951) და ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (გ. ჩხიკვაძის კლასი; ფოლკლორი, 1959). 1947–51 მღეროდა ფ. მახათელაშვილის გუნდში. 1956-იდან, საქართვ. ტელე-რადიომაუწყებლობის დაარსების დღიდან, მუშაობდა მუს. პროგრამების მთ. რედაქციის მთ. რედაქტორად, სადაც საფუძველი ჩაუყარა სხვადასხვა სატელევიზიო ფორმატს, მ. შ. ხალხური შემოქმედების რედაქციას (1979-იდან), რ-საც თავად ხელმძღვანელობდა. ლ-ის ინიციატივით დაწესდა სახ. დღესასწაულები: „გარეჯობა“, „საბაობა“, „სულიკო“ და სხვ. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა პირვ. ქართული ტელეოპერა „გამზრდელი“ (1960, კომპ. ნ. გიგაური; სსრკ I ხარისხის დიპლომი, 1961). 1969 წ. 27 დეკემბერს ქუთაისის საოპერო თეატრის გახსნასთან დაკავშირებით, ლ-ის თაოსნობით მოეწყო პირველი პირდაპირი ტრანსლაცია, გადაიცა ზ. ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“. ლ. იყო იდეის ავტორი (ვ. კოტეტიშვილთან ერთად) თბილ. ფილარმონიაში ჩატარებული „ხალხური შემოქმედების საღამოებისა“, რ-მაც დიდი პოპულარობა მოიპოვა.

თხზ.: დები იშხნელები (გამოსულია იობაშვილის გვარით), თბ., 1964; მომღერალი მიტროფანე ცაგურია, თბ., 1975; კისისხევი და კისისხეველები, თბ., 2002; ცისფერი ეკრანი და მუსიკალური ხელოვნება, თბ., 2008.

რ. ქუთათელაძე

მ. ჯაფარიძე