ლაფერაძე კუკური გრიგოლის ძე

ზ. ლაფერაძე

ლაფერაძე ზურაბ (კუკური) გრიგოლის ძე (15. VI. 1926, სოფ. ნაძვა, ტყიბულის მუნიციპალიტეტი, – 1. XII. 1990, თბილისი), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1976). 1944–46 სწავლობდა მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ სტუდიაში. პარალელურად გამოდიოდა ამავე თეატრის სცენაზე, სადაც მისი დებიუტი შედგა სპექტაკლ „მოკვეთილში“ (ვაჟა-ფშაველა; გიორგი).

1945–56 მოღვაწეობდა სოხუმის თეატრის ქართულ დასში. 1958-იდან გარდაცვალებამდე იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. ლ-ის შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სოხუმის ქართულ დასში – შერგილი (გ. ჯაფარიძის „ლამპარი“), იერემია წარბა (გ. წერეთლის „პირველი ნაბიჯი“), აიტუზა (მ. მრევლიშვილის „ხარატაანთ კერა“), ფერხადი (ნ. ჰიქმეთის „ლეგენდა სიყვარულზე“), შუქრი (ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“), ნ. ბარათაშვილი (მ. მრევლიშვილის „ბარათაშვილი“), გაბრო (ი. ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“) და სხვ; მარჯანიშვილის თეატრში – ზურაბი (მ. ბარათაშვილის „მარინე“), ჯიბილო (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), გიჟუა (ა. ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), ბეჟანა (ნ. დუმბაძის და გ. ლორთქიფანიძის „მე ვხედავ მზეს“), დე სილვა (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), ჯანდიერი (ლ. გოთუას „გმირთა ვარამი“),

1956-იდან თანამშრომლობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმთან“. დასამახსოვრებელი სახეები შექმნა შემდეგ ფილმებში: „ჩრდილი გზაზე“ (გიორგი ჩოხელი; 1956), „მამლუქი“ (ჰუსეინ-აღა, 1958, ორივეს რეჟ. დ. რონდელი) „საბუდარელი ჭაბუკი“ (გიორგი; რეჟ. შ. მანაგაძე, 1957), „მე ვიტყვი სიმართლეს“ (მერაბ დევიძე; რეჟ. ლ. ხოტივარი, 1957), „ზვიგენის კბილი“ (ომარი; რეჟ. შ. გედევანიშვილი, 1959), „შეწყვეტილი სიმღერა“ (მამედოვი; რეჟ. ნ. სანიშვილი, 1960), „განძი“ (ინჟინერი; რეჟ. რ. ჩხეიძე, 1961), „მე ვხედავ მზეს“ (ბეჟანა; რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1965), „დათა თუთაშხია“ (მოსე ზამთარაძე; რეჟ-ები: გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978) და სხვ.

ეპიზოდური როლები შეასრულა ფილმებში: „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ (რეჟ. რ. ჩხეიძე, 1980), „სიბრძნის კარავი“, „ვინ არის მეოთხე“ (ორივეს რეჟ. ო. კობერიძე, 1985), „წინათქმა“ (რეჟ. ზ. ილურიძე, 1986) და სხვ.

ლ. იყო სახასიათო, დრამ. და კომედიური როლების შესანიშნავი შემსრულებელი.