ლაფონი რენე

ლაფონი (Rene Lafon) რენე (4. III. 1899, მერინაკი, ბორდოსთან ახლოს, – 4. II. 1974, არკაშონი, იქვე), ფრანგი ენათმეცნიერი, ბასკოლოგი, კავკასიოლოგი, ქართველოლოგი. ბორდოს უნ-ტის პროფესორი (1948), საფრანგეთის მხატვრული ლიტ-რის აკად. წ.-კორ. (1952), ბილბაოს აკად. წევრი (1955). 1937-იდან იკვლევდა ბასკური ენის კავკ. ენებთან ნათესაობის საკითხს. 1944 დაიცვა დისერტაცია თემაზე „ბასკური ზმნის სისტემა მეთექვსმეტე საუკუნეში“. ლ-ს 100-ზე მეტი ნაშრომი ეკუთვნის. ფრანგ. ენაზე თარგმნა ა. შანიძის „გრამატიკული სუბიექტი ზოგიერთ გარდაუვალ ზმნასთან ქართულში“, „ვეფხისტყაოსნის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას „მთის წყარო“, ა. წერეთლის „სულიკო“, ი. აბაშიძის „ხმა გოლგოთასთან“ (ე. წერეთელთან ერთად) და სხვ. სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული აქვს რეცენზიები და სტატიები ქართვ. მეცნიერთა (ა. შანიძე, არნ. ჩიქობავა, ქ. ლომთათიძე, ი. ცერცვაძე, ბ. ფოჩხუა და სხვ.) ნაშრომებზე.

1969 თსუ-ის სამეცნ. საბჭომ ქართ. ენის შესწავლასა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის ლ-ს თსუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

თხზ.: Ergatif et passif en basque et en georgien – «Bulletin de la Societe de linguistigue de Paris», 1971, t. 66; Les origines de la langue basgue, P., 1951; Pour faire mieux connaitre la langue georgienne, – «Bedi Kartlisa. Revue de Kartvelologie», 1958, [V.] 4–5; ბასკური ენა, წგ.: ბასკური ენა და ბასკურ-კავკასიური ჰიპოთეზა, თბ., 1976.

ლიტ.: თურნავა ს., რენე ლაფონი და საქართველო, თბ., 1969; მისივე, XX საუკუნის საზღვარგარეთული ქართველოლოგია, თბ., 1999.

ს. თურნავა