ლაფონტენი (La Fontaine) ჟან (8. VII. 1621, შატო ტიერი, შამპანი, ახლანდ. ენის დეპარტ., – 13. IV. 1695, პარიზი), ფრანგი პოეტი. საფრ. აკად. წევრი 1684-იდან. საყოველთაო აღიარება მოიპოვა მცირე გალექსილი ნოველებითა და იგავ-არაკებით. ლ-ის „გალექსილ ზღაპრებსა და მოთხრობებში“ (წგ. 1–5, 1665–85) და „იგავ-არაკებში“ (წგ. 1–6, 1668; 7–11, 1678–79; მე-12 – 1694) გამოვლინდა, პოეტის, როგორც იგავთმწერლისა და თავისუფალი მოაზროვნის, დემოკრ. და ჰუმანისტური იდეალები, პოლიტ. თუ ფილოს. აზროვნება. საქართველოში ლ-ის პირველი მთარგმნელი იყო ა. ჭავჭავაძე, რ-საც უთარგმნია სოც. სატირ. და ირონიული ჟღერადობის იგავ-არაკები („ჭრიჭინასათვის“, „მგლისა და კრავისათვის“, „თხისა და მგლისთვის“). მრავალი იგავ-არაკი თარგმნეს ა. წერეთელმა და რ. ერისთავმა (ხშირად ი. კრილოვის მეშვეობით). გამოქვეყნებულია ექვთ. ჩიხელიძის მიერ ფრანგულიდან თარგმნილი ლ-ის „იგავ-არაკები“ (1909, 1911).
თხზ.: იგავ-არაკები, თბ., 2020.
ლიტ.: ფანჩულიძე დ., ქართულ-ფრანგული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის, თბ., 1969.
დ. ფანჩულიძე