ლაქის ცრუფარიანა

ლაქის ცრუფარიანა (Kerria lacca), მწერი კოქციდების ქვერიგისა. დედლის სხეულის სიგრძეა 4–9 მმ, მამლისა – 2 მმ, დედლები მჭიდრო კოლონიებად სახლდებიან მცენარეების ტოტებზე. გამოყოფენ ფისის მსგავს მოყვითალო ნივთიერებას, რ-ითაც მთლიანად იფარება მათი სხეული, უერთდება სხვა დედლების გამონაყოფს და მთელი კოლონია ერთიანდება. დედალი შობს 400–1000 მატლს. წლის განმავლობაში ლ. ც. გვაძლევს ორ თაობას. მისი სამშობლოა ინდოეთი.

ლ. ც-ს გამონაყოფს უძველესი დროიდან იყენებდნენ როგორც საუკეთესო ლაქს, სამხრ. აზიის ქვეყნებში კი – ხის სასახლეების, გემების, ავეჯისა და სამკაულების დასაფარავად. XIX ს-იდან მისგან ამზადებენ შელაქს, რ-საც ახლაც ფართოდ იყენებენ წარმოების სხვადასხვა დარგში (საუკეთესო ელექტრო- და თერმოიზოლატორია). საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე აკლიმატიზაციის მიზნით 1962–73 ლ. ც. შემოჰყავდათ ჩინეთიდან, ვიეტნამიდან და ინდოეთიდან.

ზ. ჰაჯიბეილი