ლაღიაშვილი იოსებ იაკობის ძე

ლაღიაშვილი იოსებ იაკობის ძე (2. I. 1866, – დაახლ. 1913), ცარიზმის წინააღმდეგ მებრძოლი საქართველოში. დაამთავრა გორის სას. სასწავლებელი, შემდეგ ჩაირიცხა თბილ. სას. სემინარიაში. გმობდა სემინარიაში გაბატონებულ მკაცრ რეჟიმს, მოსწავლეთა მორალურ და ფიზ. შეურაცხყოფას. მას შემდეგ, რაც სასწავლებლის ზედამხედველმა ხელნაწერი ჟურნ. „ყვავილი“ აღმოუჩინა, ლ. სასწავლებლიდან გარიცხეს და ყოფაქცევაში „4“ დაუწერეს, რაც მას სწავლის გაგრძელების უფლებას ართმევდა, სემინარიის რექტორმა ა. ჩუდეცკიმ და ეგზარქოსმა პავლემ მის თხოვნას სემინარიაში აღდგენის თაობაზე უარით უპასუხეს. განმეორებითი უარის შემდეგ, 1886, ლ-მა მოკლა სემინარიის რექტორი. ჩუდეცკის დაკრძალვაზე ეგზარქოსმა პავლემ დაწყევლა მკვლელი და ის ერი, რ-მაც ლ. შვა. სამხ. სასამართლომ ლ-ს 20 წლით სახალინზე გადასახლება მიუსაჯა.

ა. ჩეხოვი თავის ნაწარმოებში „კუნძული სახალინი“ ლ-ს „ლაგიევად“ მოიხსენიებს. ზოგიერთი ცნობით, ლ. კატორღიდან თავდაპირველად იაპონიაში გაიქცა, შემდეგ კი ამერიკაში გადავიდა.

ლიტ.: რექტორ ჩუდეცკის მკვლელი იოსებ ლაღიაშვილი, ტფ., 1932.