ლაღიძე მიტროფანე ერმალოს ძე [22.VI (4.VII). 1869, სოფ. ჭოლევი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 2. I. 1960, თბილისი], უალკოჰოლო სასმელების წარმოების ფუძემდებელი საქართველოში. ლ-მ პარიზში შეისწავლა (1902) ხილეულის წყლის წარმოების მეთოდი, ტექნოლოგია და შემდეგ დანერგა თავის წარმოებაში; პირველმა გამოიყენა წარმოებაში საქართვ. სხვადასხვა მიკრორაიონის ხილი ნატურალური უალკოჰოლოლო სასმელების დასამზადებლად: შეიმუშავა ხილის სიროფის დამზადების ორიგინალური მეთოდი, ხილის ესენციების რეცეპტურა და მიღების ტექნოლოგია, რ-იც საფუძვლად დაედო უალკოჰოლო სასმელების წარმოების განვითარებას მთელ სსრკ-ში. ლ-ის ინიციატივით ქუთაისში აშენდა ელექტროსადგური, რ-მაც პირველად მისცა ქუთაისს ელექტროგანათება (1904); იმავე წლებში ლ-მ საფრანგეთიდან მიიღო დიდი სიმძლავრის მაცივარ-დანადგარები ხელოვნური ყინულის მისაღებად, რ-იც დამონტაჟდა ქუთაისში, ელექტროსადგურის გვერდით. აქედან მარაგდებოდა ქუთაისის და ფოთის ნავსადგურის სამაცივრო მეურნეობა. ლ. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილ. უალკოჰოლო სასმელების ქ-ნას (1960-მდე). მის მიერ დამზადებულ სასმელებს მიღებული აქვს ოქროსა და ვერცხლის მედლები საერთაშ. გამოფენებზე (1913–14, პეტერბურგი, ვენა და სხვ.). დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.
ლიტ.: სიგუა ა., მიტროფანე ლაღიძე, თბ., 1980; ქარჩავა ლ., გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან, თბ., 2006.