„ლაღიძე“ (სააქციო საზოგადოება), ხილის ნატურალური გამაგრილებელი სასმელების საწარმო. შეიქმნა 2001 სამრეწველო-სავაჭრო ფირმა „ლაღიძის“ ბაზაზე. 1906 მ. ლაღიძემ ა. წერეთლის რჩევითა და ი. ჭავჭავაძის დახმარებით თბილისში, ე. გოლოვინის (ახლანდ. შოთა რუსთაველის გამზირი) პროსპექტზე გახსნა უალკოჰოლო სასმელების ქ-ნა. 1910 წლისათვის თბილისში ხილის სასმელების 3 ქ-ნა იყო: მ. ლაღიძის, ე. ზემელისა და ვ. მამულოვის. ლაღიძის საწარმო სხვებზე უკეთესი ხარისხის ხილის სასმელს უშვებდა („მსხალი“, „კრემსოდა“, „სიტრო“, „შინდი“, „მანდარინი“ და სხვ.). 1921 სასმელების ქ-ნა დაიწვა. წარმოება მ. ლაღიძემ საკუთარი სახლის (ა. წულუკიძის, ახლანდ. მ. ლაღიძის ქუჩა) პირველ სართულზე გადაიტანა. 1927 მან კ. ცეტკინის (ახლანდ. მ. წინამძღვრიშვილის) ქუჩაზე გახსნა უალკოჰოლო სასმელების ქ-ნა, ხოლო 1934 ამავე ტერიტორიაზე ააშენა საქართველოში პირველი ნახშირმჟავა გაზის ქ-ნა. აქვე იყო ალაოს (ლუდის ქ-ნებისათვის) გადამამუშავებელი საამქროებიც. საწარმო უშვებდა ხილის ნატურალურ წვენებზე დამზადებულ სიროფებსა და ლიმონათს, რ-ებიც მოსკოვში და საბჭ. კავშირის რესპუბლიკებში იგზავნებოდა. 1955 ეს სამი საწარმო გაერთიანდა და ეწოდა „უალკოჰოლო სასმელებისა და ნახშირმჟავა გაზის ქარხანა“. იმის გამო, რომ წარმოება ვერ აკმაყოფილებდა მოსახლეობის მოთხოვნებს, 1952 დიდუბეში, მ. ლაღიძის ინიციატივით, გაიხსნა ახ. – ხილეულის წყლების ქ-ნა. ამ ორი საწარმოს შეერთებით 1975 შეიქმნა საწარმოო გაერთიანება „თბილხილწყალი“, რ-საც 1987 გამოეყო „უალკოჰოლო სასმელებისა და ნახშირმჟავა გაზის ქარხანა“ და ჩამოყალიბდა როგორც სამრეწვ.-სავაჭრო ფირმა „ლაღიძე“. „ლ.“ უშვებს „ლიმონის“, „ფორთოხლის“, „მსხლის“, „ტარხუნის“, „პიტნის“, „ხენდროს“, „ალუბლის“, „სიტროს“ ლიმონათებს, აგრეთვე „ლიმონის“, „ფორთოხლის“, „ტარხუნის“, „ვარდის“, „ნაღების“, „შოკოლადის“ და სხვა სიროფებს. „ლ-ის“ ნაწარმი იგზავნება ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონში, აშშ-ში, ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.
მადრიდის კონვენციით ჟენევაში „VIPO-ს“ მიერ დაპატენტებულია ლოგო „მიტროფანე ლაღიძე 1887 წ.“ (რუსეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში 2004-იდან, აშშ-სა და ევრ. ქვეყნებში 2014-იდან) და ლოგო „ლაღიძის წყლები“ (რუსეთში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და ევრ. ქვეყნებში 2020-იდან).
1968–88 ლაღიძის ლიმონათები და სიროფები წარმოდგენილი იყო მსოფლიოს ყველა საერთაშ. ბაზრობაზე, სადაც მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. 2017 მოსკოვში საერთაშ. პროფ. სადეგუსტაციო კონკურსზე ლაღიძის ლიმონათები და სიროფები აღიარეს წლის საუკეთესო პროდუქტად და 8 ოქროს მედალი გადაეცა.
2013 „ლაღიძის წყლებს“ საქართვ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.