ლაშა გიორგის მონეტა, საქართველოს მეფის, გიორგი IV ლ ა შ ა ს სპილენძის მონეტები (1210– 23). არსებობს როგორც არასწორი ფორმისა და განსხვავებული მასის, ისე წესიერი, მრგვალი ფორმისა და განსაზღვრული მასისა. არასწორი ფორმის სპილენძის მონეტები ასეთია: ავერსზე წნული ორნამენტიანი ჩარჩოს ცენტრში ორ სტრიქონად მთავრული წარწერაა – „გიორგი ძე თამარისი“, გარშემო ექვსნასკვიანი წნულია და გარშემოწერილია მთავრულით – „სახელითა ღვთისაჲთა, იქნა ჭედაჲ ვერცხლისი ამის ქორონიკონსა 430~ (1210); რევერსზე – ცენტრში ოთხსტრიქონიანი არაბული ლეგენდაა: „მეფე მეფეთა/დიდება ქვეყნისა და სარწმუნოებისა/გიორგი ძე თამარისა/მესიის მახვილი“, გარშემოვლებული აქვს რკალი და მის გარეთ არაბულით – „სახელითა უწმინდესის ღვთისა, იჭედა ესე ვერცხლი წელსა 430“.
პარალელურად, მაგრამ გაცილებით ნაკლები ოდენობით, მიმოიქცეოდა ლაშა გიორგის წესიერად მოჭრილი შემდეგი სახის სპილენძის ფული: ავერსზე – ოთხსტრიქონიანი არაბული ლეგენდით – „გიორგი მეფისი, თამარის ძი-სასა ჯავახთ უფლისა“; რევერსზე – ოთხსტრიქონიანი არაბული ზედწერილით – „მეფე აღმატებული/დიდება ქვეყნისა და სარწმუნოებისა/გიორგი ძე თამარისა/ მახვილი მესიისა“. საყურადღებოა ლაშა გიორგის ჯავახთუფლის ტიტულით მოხსენიება – იგი იყო პირველი ალასტანელი, რაც იყო ქართველ უფლისწულთა ზედწოდება XIII–XIV სს. საუფლისწულოს ცენტრის, ალასტანის (სოფ. ჯავახეთში) მიხედვით.
ასევე წესიერად მოჭრილ მონეტებს მიეკუთვნება საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმის ნუმიზმატიკის კოლექციებში დაცული ლაშა გიორგის სპილენძის უნიკალური მონეტაც (მასა 5,6 გ): ავერსზე წარმოდგენილია მთელი ტანით პირდაპირ მდგარი გვირგვინოსნის გამოსახულება თავის ირგვლივ შარავანდით, მარჯვენა ხელში – ლაბარუმით და მარცხენაში – აპოკომბიონით (მონეტებით სავსე ქისა). გამოსახულების მარცხნივ და მარჯვნივ იკითხება რამდენიმე ასომთავრული ნიშანი: „გიორგი ძე თამარისი...... ოცდაათს“ (ქორონიკონსა 430=1210); რევერსზე ვარდულის ოთხ ფურცელში მოთავსებულია არაბული წარწერა: „წელსა ექვსას ექვსსა“ (=1209/1210). ფურცლებს შორის სეგმენტებში მეორე არაბული ზედწერილია: „მეფეთა მეფე გიორგი, ძე თამარისა, მახვილი მესიისა“, რ-საც ირგვლივ რკალი შემოუყვება. მონეტაზე აღბეჭდილია მეფედ კურთხევის სცენა.
ლ. გ. მ-ებისათვის დამახასიათებელია, რომ შთამომავლობის აღსანიშნავად ახსენებს დედის – თამარის და არა მამის სახელს.
ლიტ.: დუნდუა გ., დუნდუა თ., ქართული ნუმიზმატიკა, ნაწ. 1, თბ., 2006; დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; კაპანაძე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969; პატარიძე მ., ფაღავა ი., გიორგი ლაშას მეფედ კურთხევის ნუმიზმატიკური ასახვა, საისტორიო კრებული, ტ. 3, თბ., 2013; Пахомов Е. А., Монеты Грузии, ч.1, СПб, 1910.
გ. დუნდუა
მ. პატარიძე