ლაშთხვერი, სოფელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მესტიის მუნიციპალიტეტში (ლენჯერის თემი), სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. მულხრის (ენგურის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1380 მ, მესტიიდან 3 კმ. 92 მცხ. (2014).
ლ-ში არის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, შუა საუკუნეების მთავარანგელოზის მცირე ზომის ეკლესია (სვან. თარინგზელ). თლილი ქვით ნაგები საყდარი მაღალ სამსაფეხურიან ცოკოლზე დგას. მისი შიგნითა კედლის მოხატულობა ეთმობა მთავარანგელოზის თემატიკას. გარედან კედლების ზედა ნაწილი შელესილია და დაფარულია XIV–XV სს. მოხატულობით. დას. ფასადზე გამოსახულია ვედრების კომპოზიცია, აღმ. ფასადზე – წმ. ევსტათეს ნადირობის სცენა, ხოლო სამხრეთისაზე – ცხენზე ამხედრებული წმ. მეომრები. განსაკუთრებით საინტერესოა ჩრდ. ფასადის მოხატულობა საერო შინაარსის სიუჟეტზე, სადაც გამოსახულია ბატალური სცენები მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანის“ საგმირო-სარაინდო ეპოსიდან – „ამირანის შებრძოლება გველეშაპთან და ბაყბაყდევთან“; აქვე არიან საომარ ტანსაცმელში გამოწყობილი მისი ამხედრებული თანამებრძოლები – ბადრი, სეფედავლა და უსუპი. საქართველოში ეს სიუჟეტი გვხვდება სოფ. ჩაჟაშის (უშგული) ეკლესიის ფასადის მოხატულობაშიც (XVII ს.). მოხატულობა გასდევს კედლის მთელ სიგრძეს. ცალკეულ სცენებსა და ფიგურებს ახლავს ასომთავრული წარწერები. ფერადოვან გამას ქმნის ცისფრის, რუხის, ყავისფრის, აგურისფრისა და მოოქროსფრო-ყვითლის შეხამება. მოხატულია ეკლესიის კანკელიც. ეკლესიის მოხატულობაში, ერთი მხრივ, აღინიშნება ძვ. ტრადიციების გაგრძელება (კონქის ვედრების სცენაში დომინანტს წარმოადგენს ქრისტეს დიდი ზომის ფიგურა), ხოლო, მეორე მხრივ, მკაფიოდ ვლინდება XIV–XV სს. მხატვრობისათვის დამახასიათებელი ნიშნები – ანსამბლის მონუმენტურობის შესუსტების ტენდენცია.
თ. გერსამია