ლაშქარა

ლაშქარა (Symphytum), მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვთ ღია ყვითელი, იისფერ-ლურჯი, იშვიათად თეთრი ყვავილები, კაკლუჭა ნაყოფი.

ცნობილია ლ-ს 25-მდე სახეობა, გავრცელებულია ევროპაში, დას. აზიასა და ჩრდ. აფრიკაში. საქართველოში გვხვდება 5 სახეობა. იზრდება ტენიან, დაჩრდილულ ან მშრალ ადგილებზე, მდინარის ნაპირებზე, ტყისა და სუბალპურ სარტყელში, ასევე სარეველას სახით – საძოვრებზე, მინდვრებსა და ბოსტნებში, ზოგჯერ რუდერალურ ადგილებზე.

ლ-ს ზოგი სახეობა (S. peregrinum, S. asperum) საქონლის საკვებია, ზოგს ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ იყენებენ; მაგ., მელენის ფესვები B2  ვიტამინს შეიცავს და სვანები უძველესი დროიდან იყენებენ მოტეხილობის სამკურნალოდ. S. officinale-ს ფესვები და ფესურები შეიცავს ალკალოიდებს და მთრიმლავ ნივთიერებებს.

ც. ღვინიაშვილი