ლაშქართა შიგან არშეშვება, ლაშქართაგან გარდახდევა, გამაწბილებელი სასჯელი ფეოდალურ საქართველოში; სამხედრო სამსახურში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა. გამოიყენებოდა როგორც დამატებითი საეკლ. სასჯელი დაკრულვასთან ერთად. ინიშნებოდა მკვლელობისათვის, მეფისა და სახელმწიფოს ღალატისთვის.
სასჯელი გამოიყენებოდა როგორც მოქალაქეობრივი უფლებების ჩამორთმევის ერთ-ერთი ფორმა, დროებითი ღონისძიების სახით ან სამუდამოდ. ფაქტობრივად, ეს სამოქალაქო სიკვდილს მოასწავებდა. ივ. ჯავახიშვილის შეფასებით, სასჯელი მეტად მძიმე იყო და თუკი იგი სამუდამო იქნებოდა, დამნაშავეს სრულ ქონებრივ გაღატაკებასა და ზნეობრივ სიკვდილს უქადდა. მსგავსი გამაწბილებელი სასჯელი იყო თავზე ლაფის დასხმა, გაპარსვა, ყელზე თოკმობმული გატიტვლებული დამნაშავის ქუჩა-ქუჩა ტარება, თავზე ნაცრის დაყრა, ვირზე შესმა, თავზე წვენის გადასხმა, მონად გაყიდვა და სხვ.
ლიტ.: მეტრეველი ვ., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია, თბ., 2003; ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 7, თბ., 1984.
ი. უჯმაჯურიძე