ლაშქარნივისი (ლაშქანავისი) (სპარს. laškar navis – ჯარის „მწერალი“), სამეურნეო დარგის მოხელე გვიანდელი ფეოდალური საქართველოს სამხედრო უწყებაში, რომელსაც ევალებოდა დაქირავებული და მუდმივი ჯარის მეომართა და მეთაურთა აღრიცხვა, მათი მომარაგება და ჯამაგირის გაცემა. ლ-ის თანამდებობა ქართლ-კახეთის გაერთიანებულ სამეფოში ერეკლე II-მ მეფობის მიწურულს შემოიღო. მის მიერ გატარებული სამხ. რეფორმის შედეგად შეიქმნა დაქირავებული ჯარი, გაიზარდა სამხ. დანაყოფებისა და სამხ. მეთაურების რიცხვი, რამაც მოითხოვა სამხ. კანცელარიის ჩამოყალიბება, სადაც ხდებოდა საჯარისო ნაწილებისა და საწვრთნელი ბაზების აღნუსხვა, სამხ. მზადების სრული ციკლის ორგანიზება და კოორდინირებული მართვა, სამხ. მოსამსახურეთათვის ჯამაგირ-ულუფების გაწერა. ამ სამუშაოს უმეტეს ნაწილს ასრულებდა ლ., მისი უფლება-მოვალეობები, საქმიანობის ხასიათი და ანაზღაურების წესები დეტალურადაა განმარტებული ქართლ-კახეთის ყოფილ სამეფო მოხელეთა მიერ მთავარმართებელ პ. ციციანოვისადმი წარდგენილ მოხსენებებში. ლ-ს განსაზღვრული ჰქონდა ჯამაგირი, ულუფა და სარგო. ჯამაგირი მერყეობდა წელიწადში თორმეტიდან თვრამეტ თუმნამდე. ულუფას შეადგენდა პური, ქერი, ღვინო, ხორცი და სამარხვო, სულ ოცდასამი თუმნისა. სხვა მოხელეების ჯამაგირიდან სარგოდ ეკუთვნოდა თუმანზე თითო აბაზი.
ქართლსა და კახეთში ექვსი ლ. ყოფილა. ზოგიერთი მოხელე ლ-ის თანამდებობასთან ერთად სხვა თანამდებობასაც ითავსებდა.
ი. უჯმაჯურიძე