ლაშქაროვი (ბიბილური) გრიგოლ სერგეის ძე

ლაშქაროვი (ბიბილური) გრიგოლ სერგეის ძე (20. XI. 1788, სანქტ-პეტერბურგი, – 1. VII. 1849, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1844), სახელმწიფო მოღვაწე, ცნობილი დიპლომატის, გენ. ს. ლაშქაროვის ვაჟი. 1807 მსახურობდა საგარეო საქმეთა კოლეგიაში, 1810 იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის განყ-ბის უფროსი. 1812 მონაწილეობდა რუს. სამამულო ომში, 1813–14 – საზღვარგარეთის ლაშქრობაში. 1821-იდან გავიდა თადარიგში. 1826–32 იყო მოგილიოვის, 1832–33 – გროდნოს ვიცე-გუბერნატორი, 1833–34 – კიევის გუბერნატორი. 1834-იდან კვლავ არმიაშია. მსახურობდა I არმიის გენ.-ინტენდანტად, 1835-იდან – პოდოლსკის გუბერნატორად; 1839 მიენიჭა გენ.-მაიორის წოდება. დაინიშნა ვოლინის გუბერნატორად და ქ. ჟიტომირის სამხ. კომენდანტად (1849-მდე). 1832-იდან იყო ნამდვილი სახელმწ. მრჩეველი, 1849-იდან – სენატორი.

დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. დაკრძალულია ვოლკოვოს სასაფლაოს საგვარეულო აკლდამაში.

მ. გოგიტიძე