ედისა, სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის მხარე), ხარულის ქედის დას. კალთაზე, მდ. დიდი ლიახვის ზემოთში. ჯავა – ედისის საავტ. გზის ბოლო პუნქტი. თემის ცენტრი (სოფლები: ე., ბრითათა, კაბუზთა, ქვემო ერმანი, შუა ერმანი, ჩელიათა, ხოძი). ზ. დ. 1960 მ, ჯავიდან 40 კმ. 52 მცხ. (1989). ე-ის მიდამოებში არის მინერ. წყაროები. ე. მდებარეობს ისტ. თემში – მაღრან-დვალეთში. განვითარებულ შუა საუკუნეებში იგი ამ მხარის ცენტრი იყო. ე-ს ქალაქსაც („ქალაქა") უწოდებდნენ – ასე მოიხსენიებს მას გერმ. მოგზაური ი. გიულდენშტედტი (XVIII ს.). ე-ის სამხრ.-აღმ-ით მდებარეობს „ცარციათების" ნაქალაქარი, რ-საც დაახლ. 3 ჰა ფართ. უჭირავს. მასზე განლაგებული შენობების ნანგრევებში განირჩეოდა ვიწრო ქუჩის ნაკვალევი. ნაგებობების გარდა გაითხარა სამაროვანი. გამოთქმულია მოსაზრება, რომ „ცარციათების" ქალაქი განადგურდა XIII–XIV სს-ში, ქსნის ერისთავებისა და დვალების ბრძოლების დროს. შემორჩენილია ადრინდ შუა საუკუნეების ზურგიანი კოშკის ნანგრევები.
ლიტ.: გ ვ ა ს ა ლ ი ა ჯ., ლიახვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული », 1982, [ტ.] 6.
ჯ. გვასალია