ლაშქაროვი (ბიბილური) პავლე სერგეის ძე (6. XI. 1776, სანქტ-პეტერბურგი, – 13. I. 1857, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1814). დიპლომატი. გენ. ს. ლაშქაროვის ვაჟი. ლ-ის ბაბუა, ლაზარე გრიგოლის ძე ბიბილური, რ-იც ვახტანგ VI-ის ამალაში შედიოდა, დასახლდა მოსკოვში და ცოლად შეირთო რუსი მემამულის ქალიშვილი. ლ. 1806–11 მეთაურობდა ვოლინის მუშკეტერთა პოლკს, ციმბირის ქვეით პოლკს. ლ-მა განსაკუთრებულად გამოიჩინა თავი სოფ. შევარდინოსთან გამართულ ბრძოლაში (1812 წ. 24 აგვ.), რ-იც წინ უძღოდა ბოროდინოს ბრძოლას. 1814 დაინიშნა სამხ. სამინისტროს დეპარტამენტში. 1831-იდან თადარიგში გავიდა. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.
დაკრძალულია ვოლკოვოს სასაფლაოს საგვარეულო აკლდამაში.
ლიტ.: ანთელავა ი., ქართველები 1812 წლის სამამულო ომში, თბ., 1962.