ლაშქაროვი (ბიბილური) სერგეი ლაზარეს ძე

ლაშქაროვი (ბიბილური) სერგეი ლაზარეს ძე (23. II. 1739, ქ. მოსკოვი, – 6. X. 1814, ვიტებსკი, ბელარუსი), რუსეთის იმპერიის დიპლომატი, ლაშქარ (ლაზარე) ბიბილურის (ვახტანგ VI-ის ამალის წევრი) ვაჟიშვილი. ლ-ს ქართულთან და რუსულთან ერთად კარგად სცოდნია ფრანგ., იტალ., თურქ., არაბ., სპარს., ძვ. და ახ. ბერძნული, სომხ. ენები. 1762 იგი გაამწესეს რუს. საგარეო საქმეთა კოლეგიაში, შემდეგ – კონსტანტინოპოლში რუს. საელჩოში. იყო საელჩოს მრჩეველი, შემდეგ ასრულებდა ელჩისა და პირველი კონსულის მოვალეობებს დუნაის სამთავროებში. ლ. მონაწილეობდა ქუჩუქ-კაინარჯისა (1774) და იასის (1791) საზავო მოლაპარაკებებში; მისი ხელშეწყობით რუსეთს შეუერთდა ყირიმის სახანო, რისთვისაც ეკატერინე II-მ კანცლერ-მრჩევლის წოდება მიანიჭა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლ-ს მონაწილეობა რუს.-კავკ. მთიელთა ურთიერთობის მოგვარებაში. იგი საქართველოს რუსეთთან შეერთების საკითხში მთავარი მრჩეველი იყო. ლ., როგორც რუსი დიპლომატი, იმპერიის ინტერესების ერთგული მსახური და ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების მომხრე იყო. როდესაც გენ. კ. კნორინგმა ქართვ. თავადაზნაურობა სამხ. ძალის მუქარით აიძულა იმპერატორის ერთგულებაზე დაეფიცა, ლ-მა იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრის, კურაკინისადმი გაგზავნილ წერილში, კნორინგის მოქმედებას „უტაქტობა“ უწოდა.

ლიტ.: მახათაძე ნ., ქართული კულტურის კერა პეტერბურგში XVIII– XIX სს., თბ., 1967; ცქიტიშვილი ზ., გარსევან ჭავჭავაძის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა, თბ., 1982; Биография тайного советинка С.Л. Лашкарева, СПб., 1858.

ა. ჩხეიძე