ლაშქრული

ლაშქრული, ლაშქრობასთან დაკავშირებული ფოლკლორული მუსიკის სახეობა. იხ. აგრეთვე ლაშქრულ-მგზავრული სიმღერები.

ლაშქრულ-მგზავრული სიმღერები, ლაშქრობასა და მგზავრობასთან დაკავშირებული ფოლკლორული მუსიკის ორი სხვადასხვა სახეობა, რ-ებსაც აერთიანებს მუსიკალურ-გამომსახველობით საშუალებათა არაერთი მხარე: ტემპი, მკაფიო რიტმი, კუპლეტური ფორმა, მარტივი და ხალისიანი განწყობა, ომახიანი შესრულება. ქართულ მუს. ფოლკლორში ლ.-მ. ს. მრავალხმიანია, მათი პოეტური ტექსტი – ნებისმიერი. მათგან განსაკუთრებით ცნობილია რამდენიმე ლექსი: „გზა სიარულმა დალია, სიპი ქვა წყალთა დენამა...“, „წასვლა სჯობს წარმავალისა, არ დაყოვნება ხანისა...“, „ომში წასვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო...“. XIX ს. 70-იან წლებში ერთ-ერთ „მგზავრულს“ მიუსადაგეს ილიას პატრიოტული ლექსი „ქართველო, ხელი ხმალს იკარ“ (პოემიდან „ქართვლის დედა“), რის გამოც სიმღერა პოპულარული გახდა. შემდგომ ზ. ფალიაშვილმა სიმღერა გადაამუშავა და გამოიყენა ოპერა „აბესალომ და ეთერის“ მეორე მოქმედებაში.

ლიტ.: კოშორიძე თ., ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი შიდა ქართლში, თბ., 2014; ც ო ც ა ნ ი ძ ე გ., გიორგობიდან გიორგობამდე, თბ., 1978; ჯვარ-ხატთა სადიდებლები, თბ., 1998.

გ. ჩხიკვაძე