ლაშხია შოთა ბიქტორის ძე

ლაშხია შოთა ბიქტორის ძე (10. IV. 1928, სოფ. გუდავა, ახლანდ. გალის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის არ, – 25. II. 2021, ტორონტო, კანადა), გეოგრაფი. გეოგრაფიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1987). 1948 დაამთავრა სოხუმის პედ. ინ-ტი (1979-იდან აფხაზეთის სახელმწ. უნ-ტი), 1951–93 მუშაობდა იქვე კათედრის გამგისა და ფაკ-ტის დეკანის თანამდებობაზე.

1961 ლ-მ თანაავტორებთან ერთად გამოაქვეყნა მონოგრაფია „Природа Абхазии“, სადაც დეტალურად აღწერა აფხაზეთის უნიკალური ბუნების კომპონენტები, 1982 კი – მონოგრაფია „აფხაზეთის ასსრ ბუნებრივი რესურსები და სამეურნეო პრაქტიკა („ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიული ტექნოლოგიის საკითხები“).

ლ. იყო სამეცნ. ნაშრომების ავტორი, კითხულობდა ლექციებს მოსახლეობის გეოგრაფიის, საქართვ. სოც.-ეკონომიკური გეოგრაფიის, აფხაზეთის ბუნებრივი რესურსების ათვისებისა და სხვ. შესახებ.

1997-იდან ცხოვრობდა კანადაში, ტორონტოში, სადაც დაწერა მონოგრაფია „იაპონია – საოცრებათა ქვეყანა“ (მოკლე გეოგრაფიული ნარკვევი), გამოიცა თბილისში 2012.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

მ. ალფენიძე