ლაცაბიძე გიორგი ირაკლის ძე

ლაცაბიძე (ლაცო) გიორგი ირაკლის ძე (დ. 15. IV. 1978, თბილისი), პიანისტი, კომპოზიტორი, პედაგოგი, მუსიკის ხელოვნების დოქტორი (2011). ამჟამად მოღვაწეობს აშშ-ში.

დაამთავრა ზ. ფალიაშვილის სახ. თბილ. ცენტრ. სამუსიკო სკოლა, ე.წ. „ნიჭიერთა ათწლედი“ (პედ. ა. ჩიკვაიძე), 2003 – თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (პედ. რ. ხოჯავა). სწავლობდა გერმანიის (ჰანოვერი, პედ. გ. ციტერბარტი), ავსტრიის (ზალცბურგი, პედ.
კ. კაუფმანი), იტალიის (პედ. ლ. ბერმანი), აშშ-ის (ლოს-ანჟელესი, პედ. ს. გორდონი) უმაღლეს სამუსიკო სასწავლებლებში.

ლ. წარმატებით გამოდიოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში; 2012 რომის პაპის, ბენედიქტ XVI-ის მიწვევით ვატიკანში შეასრულა მოცარტის №21 საფორტეპიანო კონცერტი; შვეიცარიაში, ლიხტენ-შტეინის პრინცესა მარიას თაოსნობით გამართული კონცერტის შემდეგ, ლ. შეაფასეს, როგორც – „უზადო ტექნიკური მონაცემების მქონე ვირტუოზი პიანისტი...“ ლ-მ ლონდონის უიგმორ ჰოლში წარმატებით შეასრულა თავისი ნაწარმოები „Cyber Moment for piano and violin“. შექმნა კინომუსიკა ფილმისთვის „ვალსი ფანტაზია“ (2000; საგანგებო ჯილდო ბოლივიის საერთაშ. კინოფესტივალზე).

ლ. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ატარებს მასტერკლასებს. პედ. საქმიანობას ეწეოდა სამხრ. კალიფორნიისა და სხვა ცნობილ უნ-ტებში. 2013-იდან არის ვენის მუს.-დრამ. ხელოვნების კონსერვატორიის პროფესორი; არის აშშ-ის საპატიო საზ-ბა „Pi Kappa Lambda“-ისა და ლოს-ანჟელესის ფილარმონიის საერთაშ. კომიტეტის საპატიო წერი (2021-იდან). დასახელებულია გამოცემა „Who is Who in America“-სა და „Who’s Who in American Art-ში (2011);

ლ-მ მეუღლესთან, ანა ფედოროვასთან ერთად, შექმნა საფორტეპიანო დუეტი „The Latsos“, რ-მაც გაიმარჯვა ბევერლი ჰილზის საერთაშ. კონკურსზე. მათზე გადაღებულია დოკ. ფილმი „The Latsos Piano Duo“. ლ. ხშირად მართავს საქველმოქმედო კონცერტებს. არის მრავალი კონკურსისა და პრემიის ლაურეატი.

პ. ჩინჩალაძე