ლახვარი

ლახვარი, საჩეხი და საჩხვლეტი ლითონის იარაღი. გამოიყენებოდა პირისპირ ბრძოლისას უძველესი დროიდან. ძვ. წ. II ათასწლ. შუა წლებიდან გავრცელებული იყო მესოპოტამიაში, კავკასიასა და დას. ევროპაში. უძველესი ლითონის ლ. იყო საჩხვლეტი და საჩეხი, II ათასწლ. ბოლო მესამედში გაჩნდა საჩხვლეტ-საჩეხი ლ. I ათასწლ. დასაწყისში რკინის ლ. ბრინჯაოს ლ-ის მსგავსი იყო. I ათასწლ. I ნახ-ში ევროპაში, სამხრ. კავკასიასა და შუა აღმოსავლეთში არსებობდა გრძელი რკინის ლ. (ზოგჯერ ბრინჯაოს ტარით). მოკლე ლ. – აკინაკი, გავრცელებული იყო სკვითებში. ძვ. წ. I ათასწლ. II ნახ-ში ევროპაში ქვეითი და ცხენოსანი ჯარი იყენებდა გრძელ საჩეხ ლ-ს, ხოლო ძვ. წ. III ს. – ახ. წ. III ს. ქვეითთა ბრძოლის დროს – მოკლე და ფართო ლ-ს (გლადიუსი), ცხენოსნები კი – გრძელ საჩეხ ორლესულ ლ-ს (სპატა).

ლიტ.: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2011.