ლახტაობა

ლახტაობა, ქართული ხალხური თამაში. მოთამაშე ვაჟები კენჭისყრით ორ თანაბარ ჯგუფად იყოფა. ერთი ჯგუფი თავდამსხმელებისაგან შედგება, მეორის წევრები იცავენ ლახტებს (ქამრებს) და თავიანთ თავს. დამცველები მიწაზე შემოხაზულ დიდ წრეში რადიალურად დგებიან და ფეხებს შუა ლახტებს იწყობენ ბალთით წრის ხაზისკენ. თავდამსხმელები წრეს გარშემო ურბენენ და სხვადასხვა ფანდით ცდილობენ ლახტების მოტაცებას. როდესაც თავდამსხმელები წრიდან ყველა ლახტს გამოიტანენ, იწყება წრეში მყოფთა „შეხურება“, ანუ ფეხზე ლახტით ცემა. დამცველები ერთმანეთთან ზურგით დგანან და ცდილობენ წრიდან გამოუსვლელად თავდამსხმელები „ჩაჭრან“, ე. ი. ცალი ფეხი ფეხზე მოარტყან. დამცველთა წარმატების შემთხვევაში „ჩაჭრილები“ წაგებულად ითვლებიან. გუნდები ადგილებს ცვლიან და თამაშს თავიდან იწყებენ.

ლ. ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული თამაში იყო საქართველოში. იგი ახალგაზრდებში სიმამაცისა და ვაჟკაცური თვისებების გამომუშავებას ისახავდა მიზნად. ამ თამაშში სიმბოლურადაა ასახული სიმაგრეთა დაცვის ტაქტიკა.

ვ. ელაშვილი