ევაგრე

ევაგრე, VI ს. II ნახევრის ქართველი საეკლ. მოღვაწე, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი, ერისკაცობაში – ქართლის სპასპეტი, ციხედიდის მთავარი. ბერად აღიკვეცა შიო მღვიმელის ზეგავლენით და მისგანვე მიიღო წინამძღვრობა. ე-მ მონასტერს საკუთარი სახსრებით უყიდა მამულები (სოფ. სხალტბა მიმდებარე გოროვანითურთ). ე. შიო მღვიმელთან ერთად გამოსახულია ამავე მონასტრის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის (VI ს. II ნახ.) ქვის კანკელის რელიეფებზე (XI ს.), მოხსენიებულია ღვთისმშობლის ეკლესიის (XII ს.) გვიანდ. წარწერაში. შემონახულია შიო მღვიმელისა და ე-ს ცხოვრების ამსახველი თხზულების ორი რედაქცია. პირველი, უფრო ძველი და მოკლე, ეკუთვნის კათოლიკოს არსენ II-ს (Xს.), მეორე (XI– XII სს-ში შედგენილი) აქედან გადაკაზმული მეტაფრასია. ცნობები ე-ს შესახებ დაცულია აგრეთვე ბასილი კათოლიკოსის მიერ შიო მღვიმელის „სასწაულთა" შესახებ შედგენილ ნაშრომში (XII ს.) და გიორგი III-ის 1170 წ. სიგელში. საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად და მოიხსენიება ღირს ევაგრედ. მისი ხსენების დღეა 4 (17). II.

წყარო: ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1955; გიორგი III-ის 1170 წლის სიგელი, წგ.: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ. 1, ნ. შოშიაშვილის რედ., თბ., 1984.

ლიტ.: ლ ო მ ი ნ ა ძ ე  ბ., შიომღვიმე, თბ., 1953.

ბ. ლომინაძე