ლაჯანურის წყალსაცავი, საინჟინრო-ჰიდროტექნიკური ნაგებობა ცაგერის მუნიციპალიტეტში. ექსპლუატაციაში შევიდა 1960. შექმნილია მაღალი თაღოვანი კაშხლით (სიმაღლე – 69 მ) მდ. ლაჯანურის ქვემო დინების ვიწრო ხეობაში, სოფ. სურმუშთან. წყალსაცავი ოვალურია. სიგრძე – 3,2 კმ, უდიდესი სიგანე – 1 კმ, საშ. სიგანე – 0,5 კმ, უდიდესი სიღრმე – 70 მ, საშ. სიღრმე – 30 მ, ფართ. – 1,6 კმ 2, წყლის მოცულობა – 50 მლნ. მ 3. ლ. წ-ს ასაზრდოებს მდინარეების (ლაჯანურა, ხელეშურისღელე, ლიამღვრიე, უსახელოღელე), აგრეთვე მდ. ცხენისწყლიდან არხით გამოყვანილი წყალი. წყალსაცავი დღეღამური რეგულირებისაა და წყლით უზრუნველყოფს ლაჯანურჰესს.
ლ. წ-ის ქვაბულის ქვედა ნაწილი აგებულია ცარცული სქელშრეებრივი კირქვებით, ზედა ‒ ქვიშაქვებით, მერგელოვანი თიხაფიქლებითა და კონგლომერატებით. კალთები მეწყრებიანია, ნაპირების ტალღისმიერი დამუშავება – უმნიშვნელო. წყალსაცავის მოლამვა ძირითადად ხდება შენაკადების მიერ შემოტანილი მყარი ჩამონადენის ხარჯზე. კაშხალთან ფსკერული ნატანის სისქე 10 მ აღემატება.
ი. აფხაზავა