ლებაისკარის კოშკი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, თუშეთ-ხევსურეთში გავრცელებული საცხოვრებელი ციხე-სახლის ერთ-ერთი ნიმუში. მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში, მდ. არღუნის ხეობაში, ნასოფლარ ლებაისკართან. განეკუთვნება გვიანდ. შუა საუკუნეებს. გეგმით კვადრატული (4,2 მ×4,2 მ. ხუთსართულიანი კოშკი (სიმ. 15,5 მ. ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი აღმ-იდანაა, II სართულზე, 2,2 მ სიმაღლეზე. კარი გადახურულია ნახევარწრიული თაღით. სართულები შიგნით ერთმანეთს ხის გადასატანი კიბით უკავშირდება. I სართული სამალავია, II, III და IV – საცხოვრებელი. კედლებში ერთმაგი, ორმაგი და სამმაგი სათოფურებია (აღმ-ის ფასადზე სათოფურების ხვრელები სამკუთხაა). აღმ-ით III და IV სართულებზე თითო სარკმელია. IV სართული სათავდაცვოა, თითო მხარეს სალოდე აქვს. სალოდეების კუთხეებში სათოფე ხვრელებია დატანებული. II სართული გადახურულია გუმბათოვანი კამარით, რ-საც ზედა ნაწილი წაკვეთილი აქვს. სხვა სართულების გადახურვა გამართულია ხის კოჭებზე. უკანასკნელი სართული შიგნიდან გადახურულია შეკრული კამარით, გარედან – საფეხურიანი, პირამიდისებური სახურავით. ფასადებზე ქვის წყობა თანაბარია. ზოგან შელესილობის ფრაგმენტებია შემორჩენილი. აღმ-ით, შესასვლელის ზღურბლის ქვაზე, ამოკვეთილია წრეში ჩასმული ტოლმკლავა ჯვარი, რ-ის მკლავებს შორის წერტილებია. ჯვრის გვერდზე გამოსახულია მამაკაცი, რ-საც ხელში ფარ-ხმალი უჭირავს. მამაკაცის მარცხნივაც ტოლმკლავა ჯვარია. სახურავის ქვეშ, შელესილ ზოლზე, მოწითალო საღებავებით დახატულია ადამიანისა და ცხოველების გამოსახულებები.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 2, თბ., 2004.