ლებანიძე ვლადიმერ დიმიტრის ძე

ლებანიძე ვლადიმერ დიმიტრის ძე (8. IX. 1913, სოფ. კვაშხიეთი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 17. II. 1987, თბილისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1973), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1938). სსრ კავშირის საფინანსო აკად. დამთავრების შემდეგ (1952) იყო საქართვ. ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი, ქუთაისის ოლქის საფინანსო განყ-ბის გამგე, საკავშ. დაუსწრებელი ფინანსური ინ-ტის თბილ. ფილიალის დირექტორი (1953–56). 1956-იდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა თსუ-ში, იყო ეკონ. ფაკ-ტის ფინანსებისა და კრედიტის კათედრის პროფესორი, 1970–76 – ამავე ფაკ-ტის დეკანის მოადგილე, დეკანი. მან პირველმა დააარსა თსუ-თან ნორჩ ეკონომისტთა სკოლა.

მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. მიღებული აქვს საბრძოლო ორდენები და მედლები.

ლ. არის სამეცნ. ნაშრომების, მ. შ. მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორი. მისი სამეცნ. კვლევის ძირითადი სფერო იყო პოლიტ. ეკონომიის, ფინანსების თეორიისა და პრაქტიკის პრობლემები.

თხზ.: საქართველოს კოლმეურნეობათა წმინდა შემოსავალი და მისი გამოყენება, თბ., 1966; სამეურნეო რეფორმა და რენტაბელობა, თბ., 1967; სსრ კავშირის სახელმწიფო ბიუჯეტი, თბ., 1972; წარმოების ეფექტიანობის ამაღლების ფინანსური ბერკეტები, თბ., 1979; სამეურნეო ანგარიში მართვის სისტემაში, თბ., 1981.

ჯ. კახნიაშვილი