ლებანიძე ზეინაბ (ზაზა) ვარლამის ასული

ლებანიძე ზეინაბ (ზაზა) ვარლამის ასული (30. XI. 1935, სოფ. ბუკნარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 1. XII. 2019, თბილისი), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1976). 1958 დაამთავრა თეატრ. ინ-ტი. მუშაობდა სოხუმის (1958–60, ქართული დასი), მარჯანიშვილის (1960–67), რუსთავის (1967–75) თეატრებში. 1975-იდან გარდაცვალებამდე იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი.

ლ-ის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სოხუმის თეატრში – მაყვალა (ა. ყაზბეგის „მოძღვარი“), ლიზა (მ. გორკის „მზის შვილები“), მარია ანტონოვნა (ნ. გოგოლის „რევიზორი“); მარჯანიშვილის თეატრში – სპინოზა (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), ჰარა (ნ. პერიალისის „ბაფთიანი გოგონა“), ლოლა (გ. მდივნის „კონსული მოიპარეს“); რუსთავის თეატრში – ნატო ჩოდრიშვილი (ა. ჩხაიძის „ხიდი“), დედაბერი (ვ. კოროსტილიოვის „ასი წლის შემდეგ“), ნუნუ ექიმი (ნ. დუმბაძის, გ. ლორთქიფანიძის „საბრალდებო დასკვნა“), ქალი (ო. ასენას „შიში“), რუსთაველის თეატრში – ბებია (ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“), გიორგის ქალიშვილი (რ. სტურუას, ლ. ფოფხაძის, ა. ვარსიმაშვილის „ვარიაციები თანამედროვე თემაზე“), ნატო (ა. ჭიჭინაძის, რ. სტურუას „კონცერტი ორი ვიოლინოსათვის აღმოსავლური საკრავების თანხლებით“), ლოლა (რ. ჰარვუდის „მოხუცი ჯამბაზები“), ჯაჯო (პ. კაკაბაძის „ასულნი“; თეატრ. საზ-ბის პრემია, 2015) და სხვ.

შექმნილი აქვს დასამახსოვრებელი მხატვრული სახეები ტელესპექტაკლებში: დ. კლდიაშვილის „უბედურება“, მოლიერის „ძალად ექიმი“, ა. ცაგარლის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ (რეჟ-ები: მ. თუმანიშვილი, გ. კახაბრიშვილი); ფილმებში: „ზღვარი“ (რეჟ. თ. გომელაური, 1973), „რაჭა, ჩემო სიყვარულო“ (რეჟ. თ. ფალავანდიშვილი, 1977) და სხვ.

ლ-ის გმირები გამოირჩეოდნენ უშუალობით, გმირის ხასიათის გადმოცემის სიზუსტით.

მიღებული აქვს ვ. ანჯაფარიძის სახ. პრემია (2009).