ლებანიძე მურმან სილოვანის ძე

ლებანიძე მურმან სილოვანის ძე (14. XI. 1922, აღსთაფა, აზერბაიჯანი, – 17. VIII. 2002, თბილისი), პოეტი. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1973). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1948). მონაწილეობდა (1942–43) II მსოფლიო ომში. 1946-იდან მუშაობდა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. 1975–95 იყო ბეჭდვითი სიტყვის სახელმწ. კომიტეტის მთ. რედაქტორი; 1975–78 – ლიტ-რის, ხელოვნებისა და არქიტ. სახელმწ. პრემიების კომიტეტის
პ/მგ მდივანი, 1978–94 – თავ-რის მოადგილე, 1994-იდან – თავ-რე, ასევე – რუსთაველის საზ-ბის თავ-რე (1998–2003).

ლ-მ ლირ. ლექსების პირველი კრებ. გამოაქვეყნა 1950. მასვე ეკუთვნის ლექსებისა და პოემების კრებულები: „რჩეული“, „ანისის აღება“ (ორივე 1972), „უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი“ (1974), „რჩეული“ (1977, 1979, 1984, 1987), „ბევრს არ დაგპირდები“ (1988), რჩეულ თხზულებათა ორტომეული (1989), „ასი ლექსი“ (2006) და სხვ. ნაყოფიერი იყო მისი მოღვაწეობა მთარგმნელობით სფეროში: თარგმნა რუს., იაპ. პოეზიის, ძვ. ეგვ. ლირიკის ნიმუშები – კრებ. „უკვდავი ყვავილები“ (1971, 1988); აღსანიშნავია ლ-ის საბავშვო წიგნები: „ბიჭები“ (1963), „ოთხი დრო“ (1964), „ლიხს იქეთ და ლიხს აქეთ საქართველო გიყვარდეთ“ (1981). პოპულარულია მისი ლექსები: „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“, „ბევრს არ დაგპირდები“, „იცოცხლე, მე ვიღორძინო“, „გალაკტიონი“, „... გაზაფხული შემოსულა, ლენ“, „ახალგაზრდობას“, „მელიქიშვილის გამზირი“ და სხვ.

ლ-ის შემოქმედება მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. იგი თამამად ეხმაურება პირადული თუ საზ. ცხოვრების საკითხებს. მისი პოეტური თვალთახედვა, უპირატესად, კონკრეტული, უშუალოდ აღსაქმელი მოვლენებისკენაა მიმართული. ამასთანავე, მის მიერ ასახული უაღრესად ინტიმური მოვლენებიც მხატვრული განზოგადების ხარისხშია აყვანილი. ვერსიფიკაციის სფეროში მან კიდევ უფრო განავითარა პაროდიული სტილი და სასაუბრო მეტყველება. მის ლექსებს ახასიათებს პოეტური ფრაზის მოქნილობა, სიტყვის ეფექტურობა და რიტმის დინამიკურობა.

ლ-ის ლექსებზე შექმნილია არაერთი ქართვ. კომპოზიტორის პოპულარული სიმღერა. მისი ლექსები თარგმნილია რუს., აზერბ., სომხ., ფრანგ., გერმ., ჩეხ. და სხვ. ენებზე.

ლ-ს 1992 მიენიჭა გ. ტაბიძის სახ. პრემია (წიგნისათვის „ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ“), 2002 – საქართვ. სახელმწ. პრემია, 1995 – ღირსების ორდენი; იმავე წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ.

დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თხზ.: თხზულებანი ორ ტომად, თბ., 1989; ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ, თბ., 1990; რჩეული, თბ., 1992; თხზულებანი ოთხ ტომად, თბ., 2001; ძვირფასი ავტოგრაფები, თბ., 2002; 100 ლექსი, თბ., 2006.

ლიტ.: მურმან ლებანიძე – გამოსათხოვარი, თბ., 2002.

ა. ვასაძე