ლებანიძე ქრისტესია ივანეს ძე

ლებანიძე ქრისტესია ივანეს ძე (28.VIII.1910, თბილისი, – 25. XII. 1985, იქვე), კინოს მხატვარი, საქართველოს სახ. მხატვარი (1980). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1936). მუშაობდა საქართვ. სახკინმრეწვში მხატვრად, 1959–62 – ქრონიკალურ-დოკუმენტური ფილმების მთავარ მხატვრად; 1962-იდან იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელი მხატვარი. გააფორმა შემდეგი ფილმები: „დაკარგული სამოთხე“ (1938), „საქართველოს ძეგლები“ (1940), „ფორპოსტი“ (1940), „სევასტოპოლის დაცვა“ (1943), „დავით გურამიშვილი“ (1946), „ქეთო და კოტე“ (1948, სხვა მხატვრებთან ერთად), „საქართველოს ჭედური ხელოვნება“ (1960), „სვეტიცხოველი“ (1960), „კოტე მარჯანიშვილი“ (1961), „იაკობ ნიკოლაძე“ (1963), „ლონდრე“ (1966), „ქვევრი“ (1970), „მთვარის მოტაცება“ (1973), „სინემა“ (1977), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978, სსრკ სახელმწ. პრემია სხვებთან ერთად, 1980), „კარიერა“ (1979). ლ-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია დახვეწილი ოსტატობა და ლირიზმი.