ლეგენდა

ლეგენდა (ლათ. Legenda – სავალდებულო წასაკითხი ტექსტი), თავდაპირველად – წმინდანთა ცხოვრება, განკუთვნილი ამა თუ იმ წმინდანისადმი მიძღვნილ საეკლესიო დღესასწაულზე წასაკითხად. ტერმინი გაჩნდა შუა საუკუნეების კათოლ. მწერლობაში. ლათ. ქრისტ. ლ-ის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა XIII–XIV სს-ში შექმნილმა კრებულებმა, განსაკუთრებით, ე. წ. „ოქროს ლეგენდამ“ (XIII ს.), რ-იც მრავალ ევრ. ენაზე ითარგმნა. შემდეგში ლ. ეწოდა რელიგ.-დიდაქტ. მოთხრობებს, ფანტასტ. ბიოგრაფიებს, იგავებს ცხოველებისა და მცენარეების შესახებ და ა. შ.

ფოლკლორში ლ. აღნიშნავს პროზაული ჟანრის თხზულებას, რ-იც რელიგიურ რწმენას ემყარება და ფანტასტ. ამბავს სინამდვილის სახით გადმოგვცემს. ფოლკლორული ლ-ის ნიმუშები ჯერ კიდევ შუამდინარეთის ხალხს ჰქონდა ძვ. წ. მე-3 ათასწლეულში. უძველესი წარმოდგენების საფუძველზე აღმოცენებულმა მრავალმა ლ-მ შემდგომში სახე იცვალა ქრისტ. რელიგიის გავლენით. ქართ. ფოლკლორში გვაქვს როგორც წარმართული, ისე ქრისტ. რწმენის ამსახველი ლ-ები, ზოგში კი ორივე რწმენის კვალი შეინიშნება. ქართ. ლ-ებიდან აღსანიშნავია კოსმოგონიური (სამყაროს წარმოშობისა და ადამიანის გაჩენის შესახებ, პირველი ცოდვის შესახებ და ა.შ.), აპოკრიფული (წმ. მარიამისა და იესო ქრისტეს შესახებ), წარღვნისა და სხვა ლ-ები.

ლიტ.: ბაქრაძე ა., ლეგენდა, „საბჭოთა ხელოვნება“, 1983, №1; შამანაძე ნ., ქართული ხალხური ლეგენდები, თბ., 1973; Bayard J.-P., Histoire des Lègendes, 2 èd, P., 1961.