ლე დანტიუ მიხეილ ვასილის ძე

ლე დანტიუ მიხეილ ვასილის ძე (ფრანგ. Mikhaïl Le Dentu) [8. II. 1891, სოფ. ჩიჟოვო, ტულის გუბერნია (რფ), – 25. VII. 1917, პროსკუროვთან (ამჟამად ხმელნიცკი), უკრაინა], რუსი მხატვარ-ავანგარდისტი, ადრეული რუს. ავანგარდის თეორეტიკოსი. რუსი ფუტურისტების ლიტ.-მხატვრული ჯგუფის – „ბესკროვნოე უბიისტვოს“ (1914–18) ერთ-ერთი დამფუძნებელი. I მსოფლიო ომის მონაწილე. 1912 ლ-მ მიიღო მეგობრის, კ. ზდანევიჩის ოჯახის მოწვევა და მასთან ერთად ჩამოვიდა თბილისში. იგი ნახევარი წლის განმავლობაში მოგზაურობდა საქართველოში და ბევრს ხატავდა. თბილისში კ. ზდანევიჩთან (იხ. ზდანევიჩები) ერთად ერთ-ერთ დუქანში აღმოაჩინა ნიკო ფიროსმანის სურათები. მან შეიძინა ერთი მათგანი და აქტიურად დაიწყო სხვა ნამუშევრების ძებნა და შეგროვება. ამრიგად, იგი პირველი პროფესიონალი მხატვარია, რ-მაც ყურადღება მიაქცია და სათანადოდ შეაფასა ნიკო ფიროსმანის შემოქმედება, როგორც უნიკალური მხატვრული მოვლენა. ფიროსმანმა გარკვეულწილად გავლენა იქონია თვით ლ-ს შემოქმედებაზე. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ მან მოაწყო თავისი „ქართული ციკლის“ და ასევე ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა.