ლევან ბატონიშვილი (ბაგრატიონი)

ლევან ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დაახლ. 1652–56 – 1709, ირანი), ქართლის მეფე ვახტანგ V-ის შვილი, ვახტანგ VI-ის მამა. ძმის, გიორგი XI-ის ირანში გაწვევის დროს, 1676–77 და 1703–04 იყო ქართლის გამგებელი (ჯანიშინი). 1688 ირანში გაიწვიეს, გაამაჰმადიანეს და შაჰ ყული-ხანი უწოდეს. დაინიშნა ქირმანის ნაიბად. შაჰის დავალებით ხელმძღვანელობდა ბელუჯების წინააღმდეგ ბრძოლას. შემდეგ ირანის მდივანბეგობაც მიიღო. ლ. ბ. მფარველობდა კათოლიკე მისიონერებს, იყო ს.-ს. ორბელიანის მიერ ქართული ლექსიკონის შედგენის ერთ-ერთი ხელშემწყობი. მას შეუდგენია „ვედრება“ იოანე ნათლისმცემლის, პეტრე-პავლესა და სხვ. წმინდანებისადმი.

ლ. ბ-მა ერეკლე I-ის მიერ სპარსულ ყაიდაზე გარდაქმნილი ქართლის მართვა-გამგეობა კვლავ ქართულ ყაიდაზე მოაწყო და 1704 წ. 26 სექტ. ჯანიშინობა გადააბარა თავის ვაჟს – ვახტანგს, თავად კი შაჰის ბრძანებით სპარსეთში გაემგზავრა, სადაც გარდაიცვალა.

წყარო: ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: ქავთარია მ., ლევანი – ქართლის ჯანიშინი, „საქართვ. მეცნ. აკადემიის მოამბე“, 1960, ტ. 25, №4; ჯავახიშვილი ნ., ქართლის სამეფოს ბაგრატოვან მმართველთა ქრონოლოგიური რიგის დაზუსტებისათვის, „საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები“, 2020, [ტ.] 16.

მ. ქავთარია

შ. ხანთაძე