ევანგელისტური ეკლესია, პროტესტანტული, ძირითადად ლუთერანული ეკლესიების საერთო სახელწოდება. საქართველოში ე. ე. 1914 დააფუძნა მცირე აზიიდან შემოსულმა მისიონერმა დევიდ ურშანმა, რ-იც შემდეგ ევროპაში გადავიდა. 1999 ე. ე. ხელმეორედ დააარსა პასტორმა ზ. ტყეშელაშვილმა. იგი აცხადებს, რომ ეკლესია შეიძლება მოიხსენიებოდეს როგორც ევანგელისტური (მახარებლური) და არა ევანგელური (სახარებისეული). ე. ე. აღიარებს რწმენის მთავარ ფუნდამენტს: წმ. სამებას და ქრისტეს ღვთაებრიობას. აღესრულება ზეციდან შობის, ნათლობის, ევქარისტიის, ქორწინების, ხელდასხმისა და ზეთისცხების, სულიწმიდით ნათლობის საიდუმლოებები. საზოგადოდ, ე. ე. აღიარებს ნათლობის ორ ფორმას: ნათლობას წყლით და ნათლობას სულიწმიდით. ე. ე-ს საქართველოში დაახლ. 150 მიმდევარი (2008) ჰყავს.
ლიტ.: რელიგიები საქართველოში, თბ., 2008.