ლევანი (გ. 1590), იმერეთის მეფე 1583–90, გიორგი II-ის ძე. მცირეწლოვან მეფეს ტახტს ეცილებოდა ბიძამისი, კონსტანტინე ბატონიშვილი. ლ. კონსტანტინეს წინააღმდეგ დაუკავშირდა ოდიშის მთავარს – მამია IV დადიანს. ამ კავშირის განსამტკიცებლად მან ცოლად შეირთო მამიას და მარეხი. 1587 ლ-მა დადიანის დახმარებით ზემო იმერეთში ილაშქრა, დაამარცხა კონსტანტინე და მას მითვისებული ტერიტორიები (არგვეთი, სკანდა, კაცხი და სხვ.) ჩამოართვა. ლ. მალე მოურიგდა ბატონიშვილს და საუფლისწულო გამოუყო იმერეთში. შემდეგში ქართლის მეფე სიმონ I შეეცადა ესარგებლა დას. საქართველოში დაწყებული შინაომებით და დააპირა მისი შემოერთება ან იქ თავისი გავლენის განმტკიცება. მას მხარს უჭერდნენ ზემო იმერეთის თავადებიც. ამ ფაქტით წაქეზებულმა ქართლის მეფემ 1588 იმერეთში ილაშქრა. ლ-მა დახმარება სთხოვა დადიანსა და გურიელს, მაგრამ ისინი მეფეს არ მიეშველნენ. გოფანთოს ბრძოლაში ლ. დამარცხდა და ლეჩხუმში გაიქცა. სიმონმა იმერეთი დაიპყრო და ქართლში დაბრუნდა, რადგან მის სამეფოს ოსმალთაგან საფრთხე ელოდა. შექმნილი ვითარებით ისარგებლა ლ-მა და იმერეთში თავისი ხელისუფლება აღადგინა. ამის შემდეგ მეფესა და მამია IV დადიანს შორის ურთიერთობა უფრო გამწვავდა. 1590 ქუთაისში მომხდარ ბრძოლაში ლ. ტყვედ ჩაუვარდა დადიანს, რ-მაც იგი შხეფის ციხეში გამოკეტა, სადაც მალევე გარდაიცვალა.
წყარო: ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: დადიანი ნ., საქართველოს ცხოვრება, თბ., 1962; კაკაბაძე ს., საქართველოს მოკლე ისტორია, ტფ., 1920; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
ო. სოსელია