ლევანი, კახეთის მეფე

ლევანი (1504/06–1574), კახეთის მეფე 1518/20–1574, გიორგი II-ის (ავგიორგის) ძე. 1513, როცა ქართლის მეფე დავით X-მ კახეთი თავის ხელისუფლებას დაუმორჩილა, მცირეწლოვანი ლ. მისმა მომხრე კახელმა თავადებმა გახიზნეს. მათ ისარგებლეს 1518 ქართლში შაჰ-ისმაილ I-ის ლაშქრობით და ლ. კახეთის მეფედ გამოაცხადეს. 1520 ლ-მა დაამარცხა კახეთში შეჭრილი დავით X-ის ლაშქარი. ამის შემდეგ ქართლისა და კახეთის მეფეები დაზავდნენ და ცნეს კახეთის ქართლისაგან გამოყოფა. ლ. ირანის ვასალი იყო და მშვიდობიანობის შესანარჩუნებლად შაჰისადმი ერთგულების პოლიტიკას ატარებდა. 1551 ის დაეხმარა შაჰ-თამაზ I-ს შაქის დამორჩილებაში. ირანსა და ოსმალეთს შორის ამასიის ზავის (1555) დადების შემდეგ შაჰს აღარ აკმაყოფილებდა კახეთის შედარებით მსუბუქი ვასალური ვალდებულებები. ამით უკმაყოფილო ლ. შეეცადა რუსეთისაგან დახმარების მიღებას და 1563 ელჩები გაგზავნა მოსკოვში ივანე IV-სთან, რის შემდეგაც კახეთში ჩამოვიდა რუს მეთოფეთა რაზმი, რ-იც მეფემ სასაზღვრო ციხესიმაგრეებში ჩააყენა. ოსმალეთისა და ირანის პროტესტის გამო ლ. იძულებული გახდა ეს რაზმი მალევე დაეთხოვა. ლ-ის დროს კახეთში მტრის შემოსევები არ ყოფილა. მან დაიმორჩილა გამდგარი თუშ-ფშავ-ხევსურეთი, ქვეყანა ეკონომიკურად მოძლიერდა, დაწინაურდნენ ახალი ქალაქები – ბაზარი და გრემი.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: გუჩუა ვ., ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური მთლიანობის აღდგენისათვის XVI საუკუნეში, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 4, თბ., 1996.

ვ. გუჩუა