ლეზგიური ენა, იბერიულ-კავკასიურ ენათა დაღესტნის ჯგუფის ახალდამწერლობიანი ენა. გავრცელებულია დაღესტნის სამხრ.-აღმ. ნაწილში – კასუმქენთის, მაჰარამქენთის, ქურახის, ნაწილობრივ ხივისა და რუთულის რ-ნებში, აგრეთვე ჩრდ. აზერბაიჯანის გუსარის, ყუბისა და ხუდათის რ-ნების ზოგიერთ სოფელში. აქვს 3 ძირითადი დიალექტი – კიურიული, ახტისა და ყუბის (დიალექტებში გამოიყოფა კილოკავები). ლ. ე-ში ხმოვანთა სისტემა მარტივია – ა, ე, ი, უ, ა, უ, ახტის დიალექტში არის ~ -ც, ო გვხვდება მხოლოდ რუსულიდან ნასესხებ სიტყვებში. თანხმოვნებში გამოიყოფა სონორებისა და ჩქამიერების კლასები. ჩქამიერებში დასტურდება ოთხეულთა სისტემა – მჟღერი, ფშვინვიერი, მკვეთრი და პრერუპტივი (არაფშვინვიერი ყრუ). აფრიკატების რიგში აკლია ძ, ჯ (გვხვდება მხოლოდ ზოგიერთ თქმაში). მახვილი მოუდის მე-2 მარცვალს სიტყვის დასაწყისიდან. გრამატ. კლასების სისტემა დაკარგულია, დაცულია მხოლოდ ცალკეული ექსპონატები, გადმონაშთების სახით, როგორც სახელებში, ისე ზმნებში. ბრუნების სისტემა განვითარებულია. ძირითად ბრუნვებთან (სახ., ერგატიული, ნათ., მიც.) ერთად არის ადგილობითი ბრუნვების რამდენიმე სერია (14 ბრუნვა). ბრუნებისას გატარებულია ორფუძიანობის პრინციპი – ბრუნება ემყარება ერგატივის ფორმას. თვლის სისტემა ოცობითია. იმის მიუხედავად, რომ ზმნას გრამატიკული კლასისა და პირის კატეგორიები არა აქვს, იგი მდიდარია როგორც ორგანული, ისე აღწერითი წარმოების ფორმებით. ზმნას აქვს დრო-კილოს, მიმღეობისა და კაუზატივის კატეგორიები, ბრძანებითი, პირობითი, კითხვითი და უარყოფითი ფორმები. გვარი დიფერენცირებული არ არის. გარჩეულია გარდამავალი და გარდაუვალი ზმნები (ლექსიკურად და სემანტიკურად). გარდამავალი ზმნისათვის დამახასიათებელია ერგატიული კონსტრუქცია, სალიტ. ლ. ე-ს საფუძვლად უდევს კიურიული დიალექტი. დამწერლობა შეიქმნა 1928.
ლიტ.: თეთრაძე მ., ლეზგიურ აფიქსთა შემადგენლობა და ფონეტიკური თავისებურებანი, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება“, 2019, ტ. 47; თოფურია გ., ლეზგიური ზმნის ძირითადი მორფოლოგიური კატეგორიები (კიურიული და ახტის დიალექტების მონაცემთა მიხედვით), თბ., 1959; ლოლუა რ., არსებით სახელთა კომპოზიტური წარმოება ლეზგურ ენაში, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება“, 2020, ტ. 48; Гаджиев М. М., Синтаксис лезгинского языка, ч. 1–2, Махачкала, 1954–63; Гайдаров Р. И., Лексика лезгинского языка, Махачкала, 1966; Гюльмагомедов А. Г., Саадиев Ш. М., Библиография по лезгинскому языкознанию, Махачкала, 1972; Услар П. К., Этнография Кавказа. Языкознание, [т.], 6 – Кюрийский язык, Тфл., 1896.
გ. თოფურია