ლეზგიური ენები

ლეზგიური ენები, იბერიულ-კავკასიურ ენათა დაღესტნის (რფ) ჯგუფის ერთ-ერთი ქვეჯგუფი. მოიცავს ლეზგიურ, თაბასარანულ, აღულურ, წახურ, რუთულურ, უდიურ, არჩიბულ, კრიწულ, ბედუხურ და ჰინალუღურ ენებს. ბოლო 3 ენა გავრცელებულია აზერბ. ტერიტორიაზე და ერთიანდება ე. წ. შაჰდაღის ენათა ქვეჯგუფში. აზერბაიჯანშია გავრცელებული ძირითადად უდიური ენაც (სოფ. ნიჯსა და ვართაშენში). სხვა ლ. ე. გავრცელებულია დაღესტნის კასუმქენთის, ახტის, ქურახის, აღულის, თაბასარანის, ხივის, რუთულისა და სხვ. რ-ნებში. ყველაზე მეტი თავისებურებით გამოირჩევა ჰინალუღური და არჩიბული ენები, რ-თაც განცალკევებული ადგილი უკავიათ ლ. ე-ს შორის. ლ. ე-დან დამწერლობა აქვს მხოლოდ ლეზგიურსა (1928) და თაბასარანულ (1931-იდან) ენებს.

ლიტ.: თოფურია გ., სახელთა მრავლობითი რიცხვის წარმოებისათვის ლეზგიურ ენებში, «იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება», 1973, ტ. 18; კახაძე ო., არჩიბული ენა და მისი ადგილი დაღესტნის მონათესავე ენათა შორის, თბ., 1979; ჯეირანიშვილი ე., კითხვითი ნაცვალსახელები ლეზგიური (კიურიული) ჯგუფის ენებში, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება“, 1955, ტ. 7; Б о к а р е в Е. А., Лезгинские языки, წგ.: Языки народов СССР, т. 4., 1967; Т а л и б о в Б. Б., Место хиналугского языка в системе языков лезгинской группы, «Ученые записки Ин-та ист., яз., и лит-ры Даг. филиала АН СССР» 1960, т. 7.

გ. თოფურია