„ლეილი და მაჯნუნი“, არაბული ლეგენდა ამირის ტომის პოეტის, კაისისა, და ლეილის ტრაგიკული სიყვარულის შესახებ. სიყვარულით გახელებულ კაისს მაჯნუნი (შმაგი, შთაგონებული, შდრ. ქართ. მიჯნური) შეარქვეს. არაბ. ფოლკლორულ და, განსაკუთრებით, მწიგნობრულ წყაროებში VII–XI სს-ში შეიქმნა ამ სიყვარულის ამსახველი ეპიზოდების მთელი ციკლი (ბავშვობაში გამიჯნურება, მშობლების უარი, უდაბნოში გაჭრა, მეგობრის დახმარება და ა. შ.). პირველად ლიტერატურულად ეს ლეგენდა ნიზამი განჯევიმ დაამუშავა 1188. სპარსულ ენაზე დაწერილ რომანული ჟანრის ვრცელ პოემას მრავალი მიმბაძველი გაუჩნდა – როგორც საკუთრივ სპარს., ისე – თურქ. და სხვა აღმ. ლიტ-რაში (ხოსროვ დეჰლევი, ჯამი, ნავოი, ფუზული). ქართულად ეს თემა დაამუშავა თეიმურაზ I-მა („ლეილმაჯნუნიანი“). ლიტ. ძეგლი ხალხში გავრცელდა ლექსნარევ პროზად გადაკეთებული სახით („ლეილისა და მაჯნუნის“ დასთანი).
გამოც.: ნიზამი განჯელი, ლირიკა–ლეილი და მაჯნუნი, თარგმ. და წინასიტყვ. მ. თოდუასი, თბ., 1974; ნიზამი განჯელი, ლეილი და მაჯნუნი, სპარსულიდან თარგმნა მ. თოდუამ, თბ., 2021.
ლიტ.: მამაცაშვილი მ., თეიმურაზ პირველის ლეილ-მაჯნუნიანის სპარსული წყაროები, თბ., 1967; სვინტრაძე ნ., „ლეილი და მაჯნუნისა“ და „ვეფხისტყაოსნის“ პოეტიკის ურთიერთმიმართებისათვის, „ენა და კულტურა“, 2014, №11.
ა. გვახარია