„ლეკიანობა“, დაღესტნელ ფეოდალთა ხშირი თავდასხმები საქართველოს ბარის (ძირითადად კახეთი, ქართლი) მოსახლეობაზე. მიზნად ისახავდა ქონების, საქონლის, ჭირნახულისა და ადამიანთა გატაცებას, მოგვიანებით – დასახლებული ტერიტორიების დაპყრობას და დამორჩილებული მოსახლეობის დახარკვას.
დაღესტნელთა შემოსევები XVI ს-იდან დაიწყო და თავდაპირველად ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობათა შემდეგ დაღესტნელებმა აღმ. კახეთის დაცარიელებულ მიწებზე (ისტ. კაკენისელის ტერიტორია) იწყეს ჩასახლება. აქ ჭარის, ბელაქნისა და თალის რაიონებში მათ შექმნეს ე. წ. უბატონო თემები, რ-ებიც თავისებურ პლაცდარმად იქცა შემდგომი თავდასხმებისათვის. ქართლში მთიელ ფეოდალთა შემოსევები XVIII ს. 20-იან წლებში დაიწყო და უფრო გაძლიერდა „ოსმალობისა“ და „ყიზილბაშობის“ დროიდან. XVIII ს. II ნახ-იდან წვრილ-წვრილი თავდასხმები ტერიტორიების დასაპყრობად გამიზნულმა ლაშქრობებმა შეცვალა. ამ მიზნით 1754 მოწყობილი ხუნძახის მფლობელის, ნურსალ-ბეგის ლაშქრობა მარცხით დამთავრდა (მჭადიჯვრის ბრძოლა), ასევე დამარცხდნენ ლეკები 1755 ყვარლის ბრძოლაში. 1785 ომარ-ხანის ლაშქრობის დროს ქართველები დამარცხდნენ. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთებისა და „საკორდონო ლინიის“ დაარსების შედეგად ლ. შესუსტდა, ხოლო რუსეთის მიერ დაღესტნის შეერთების შემდეგ საბოლოოდ შეწყდა.
„ლ-ს“ ხელს უწყობდა ფეოდალური დაქსაქსულობა საქართველოში, სადაც მეფეები ლეკთა რაზმებს ხშირად იყენებდნენ ფეოდალებთან ან ტახტის პრეტენდენტებთან საბრძოლველად, ფეოდალები კი – ერთმანეთის წინააღმდეგ; მათ იყენებდნენ ოსმალები და ყიზილბაშები. ოსმალეთი ხშირად აძლევდა ლეკებს თავშესაფარს თავის ტერიტორიაზე, ამიტომ ისინი ახალციხის მხრიდანაც ესხმოდნენ თავს საქართველოს. ოსმალეთის ტყვეთა ბაზარი გზას უხსნიდა ტყვეებით ვაჭრობას. ფეოდალური ექსპლუატაციით შევიწროებული გლეხი გაურბოდა მებატონეს და თავს აფარებდა „უბატონო“ ლეკებს, ზოგჯერ მათ საკუთარ მებატონეთა წინააღმდეგაც იყენებდა. ქართველი გლეხი ლეკდებოდა, რადგან „გალეკება“ მისთვის უბატონობას ნიშნავდა. ქართლისა და კახეთის მეფეები ენერგიულად იბრძოდნენ „ლ-ის“ ასალაგმავად, თუმცა უშედეგოდ. „ლ-თან“ საუკუნოვან ბრძოლებში გამომუშავდა თავდაცვის გარკვეული წესები და ხერხები – აგებდნენ ციხესიმაგრეებს, ლეკების გადმოსასვლელ გზებზე აკეთებდნენ თხრილებს, აღრმავებდნენ მდინარის ფონებს, კაფავდნენ ლეკების სამალავ ტყეებს და ა. შ. გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც სამხედრო ძალას ენიჭებოდა. ასეთი საშუალება იყო „ნაპირის ალაგას“ დგომა და მისი გამაგრება, ყარაულის დაყენება გზებზე, ხიდებზე, ხეობებში, დაქირავებული ჯარი („ნოქარი“),
ე. წ. „მდევარი“ და რეგულარული ლაშქარი — მორიგე ჯარი. „ლ-მ“ აუნაზღაურებელი ზარალი მოუტანა საქართველოს. მოსახლეობა კატასტროფულად შემცირდა, ზოგიერთი მხარე კი სრულიად დაიცალა, დაეცა კულტ. მეურნეობა.
ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., ლეკიანობა XVII საუკუნის მეორე ნახევარში, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; ბოცვაძე თ., საქართველო-დაღესტნის ურთიერთობის ისტორიიდან (XV–XIX სს.), თბ., 1968; მეგრელაძე დ., დაღესტან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, «მაცნე», 1967, №6.
დ. მეგრელაძე