ლეკიშვილი გივი მიხეილის ძე

ლეკიშვილი გივი (კარლო) მიხეილის ძე (25. VII. 1936, სოფ. ჭრებალო, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 5. I. 2010, თბილისი), მეტალურგი. საქართვ. სამრეწვ.-საინჟინრო აკად. ნამდვილი წევრი (1998); საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1998; ავტორთა ჯგუფთან ერთად). დაამთავრა სპი-ის (ამჟამად სტუ) მეტალურგიის ფაკ-ტი ლითონთა წნევით დამუშავების სპეციალობით (1959); სპეცკურსი – მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ქიმ. ფაკ-ტზე რადიაციული ქიმ. სპეციალობით (1963–65); სპი-ის საავიაციო ქ-ნის ფილიალი – რადიოტექნიკოსის სპეციალობით (1965). მუშაობდა თბილ. მანქანათმშენებლობისა და ელექტროტექნიკის სამეცნ.-კვლ. და საკონსტრუქტორო-ტექნოლ. ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე. თბილ. იზოტოპების ლაბორატორიაში იყო მთ. ინჟინერი (1959– 65), ლაბორატორიის დირექტორი (1966-იდან), 1998–2005 – სახელმწ. სამხ. სამეცნ.-ტექ. ცენტრ „დელტას“, გენ. დირექტორი. იგი იყო სამხედრო ძალების საბრძოლო იარაღის, მასალებისა და აღჭურვილობის გენ. კონსტრუქტორი (1996–2005); სამეცნ.-ტექ. ჟურნ. „სამხედრო ტექნიკის“ მთ. რედაქტორი (1999–2005). აქვს სამეცნ. ნაშრომები და გამოგონებები სამხ. ტექნიკისა და საბრძოლო მასალების შექმნის სფეროში.

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II (1996) და III (2001) ხარისხის ორდენებით; საპატიო ნიშნის ორდენით. არის თბილისის საპატიო მოქალაქე (2001).