ლეკიშვილი ნოდარ გიორგის ძე

ლეკიშვილი ნოდარ გიორგის ძე (დ. 7. VIII. 1946, სოფ. მარტყოფი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი), ქიმიკოსი. ქიმ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1995). საინჟინრო აკად. ნამდვილი წევრი (2018). 1971 დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი. 1989-იდან იყო ფაკ-ტის თანამშრომელი, პროფესორი. 2006–12 იყო ზოგადი, არაორგანული და მეტალორგანული ქიმიის მიმართულების ხელმძღვანელი და კათედრის გამგე, 2009– 12 – თსუ-ის ორგანულ-არაორგანული ჰიბრიდული ნაერთების და არატრადიციული მასალების სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი და სამეცნ. ხელმძღვანელი. 2012 მიენიჭა ემერიტუს პროფესორის წოდება.

ლ-ის სამეცნ. კვლევები ძირითადად ეხება ბიოლ. აქტიურ კოორდინაციულ ნაერთებს ელემენტორგანული ლიგანდებით, არატრადიციული სტრუქტურებისა და თვისებების მქონე ოლიგომერებსა და პოლიმერებს. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. პუბლიკაციები, მ. შ. სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები, მიღებული აქვს რამდენიმე გამოგონების საავტორო მოწმობა და პატენტი. არის რამდენიმე საერთაშ. და ადგილობრივი სამეცნ. ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი და ექსპერტი, საერთაშ. ჟურნ. Journal of Nanomaterials-ის სპეც. ტომის „Synthesis, Properties and Applications of Polymeric Nanocomposites“ მიწვეული რედაქტორი (2011–12).

1995 მიენიჭა თსუ-ის პ. მელიქიშვილის, 2002 – ს.-ს. ორბელიანის სახ. პედ. უნ-ტის პრემიები.

ლ. 1995-იდან იყო საქართვ. ქიმ. საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტი, 2017-იდან – პრეზიდენტი. საქართვ. საბუნებისმეტყველო მეცნ. აკად., აგრეთვე ავანგარდული მასალების მსოფლიო ფორუმის („POLYCHAR“, აშშ) სამეცნ. კომიტეტის წევრი. სხვადასხვა დროს არჩეული იყო საერთაშ. სამეცნ. საზ-ბების (ამერიკის ქიმ. საზ.) წევრად; დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2012) და თსუ-ის ოქროს მედლით (2021).

თხზ.: ზოგადი და არაორგანული ქიმია, ნაწ. 1–3, თბ., 2010–17 (თანაავტ.); საყოფაცხვრებო ქიმია, თბ., 2016; ქიმია კითხვებსა და პასუხებში, თბ., 2018 (თანაავტ. მ. რუსია); Siliconorganic Polymers with Inorganic and Organic-Inorganic Main Chains. (თანაავტ.: Kopylov V., Zaikov G.,), N.- Y., 2011; Multicomponent Polymeric Materials, N. -Y., 2012.

ლ. ნაკაიძე