„ლე კოკაზ ილიუსტრე“ („Le Caucase Illustré“ – „ილუსტრირებული კავკასია“), ყოველთვიური ჟურნალი, გამოდიოდა თბილისში 1889–92 და 1899–1902 წლებში ფრანგ. ენაზე; რედაქტორ-გამომცემელი ჟ. მურიე. პირველი ნომერი 1889 წლის აგვისტოში გამოვიდა. ჟურნალი უხვად იყო ილუსტრირებული და ასახავდა კავკასიის ხალხთა ყოფა-ცხოვრებას, ისტორიას, ასევე მიმოიხილავდა ლიტერატურასა და ხელოვნებას. გამოქვეყნდა ს.-ს. ორბელიანის, ი. ჭავჭავაძის, ი. გოგებაშვილის, გ. სუნდუკიანის, ვარდანისა და სხვა კავკ. ავტორთა თხზულებების ფრანგ. თარგმანები.
ჟურნალს ჰქონდა რუბრიკები: თბილისის მუზეუმი, თბილისის ქართული თეატრი, ქართული თეატრის მსახიობები, სასულიერო ოქრომჭედლობა კავკასიაში, კავკასიელი ტიპები, კავკასიური სამოსი, კავკასიური ავეჯი, კავკასიური დეკორატიული ხელოვნება და სხვ.
ლიტ.: ბრეგაძე ლ., მოგზაურობა „ლე კოკაზ ილიუსტრეს“ ფურცლებზე, თბ., 2013.
ლ. ბრეგაძე